თბილისში ერთ-ერთ ქუჩას აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელი მიენიჭება

თბილისში, ისნის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე განიხილა.

„ვინაიდან შმაგი სოფრომაძის გარდაცვალებიდან 20 წელი გასული არ არის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი სახელის უკვდავსაყოფად, თბილისში არსებული ერთ- ერთი უსახელო ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელის მინიჭების ინიცირება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მოახდინა. თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ამჟამად საკითხი საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის არის ატვირთული, რის შემდეგაც ქუჩის სახელდებას ჯერ
ჩვენი კომისია განიხილავს, ხოლო საბოლოოდ საკრებულოს სხდომა დაამტკიცებს“, – აცხადებენ საკრებულოში.

შმაგი სოფრომაძის სახელი ისნის რაიონში, ე.წ. „სამხედრო ქალაქში“, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება, რაც სიმბოლურია. უმცროსი სერჟანტი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ იგი წამებით მოკლეს. შმაგი სოფრომაძეს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა.

ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული