კოკოითი აგვისტოს მოვლენებზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს

ცხინვალის ყოფილი დეფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე პასუხისმგებლობას აშშ-ს, ევროკავშირსა და ნატოს აკისრებს. ვრცელი ინტერვიუ მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო „РИА“-ს მისცა.

„ვითარების გამწვავება დაიწყო ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის და საქართველოში ამერიკის, ევროკავშირისა და ნატოს ქმედებების გააქტიურებით. სწორედ ისინი უჭერდნენ მხარს და იარაღით ამარაგებდნენ საქართველოს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაშინაც კი, როდესაც ქართულმა მხარემ ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საპასუხო ცეცხლი არ გაგვიხსნია, რათა ყველაფერი ჩვენთვის არ დაებრალებინათ,”– თქვა ედუარდ კოკოითმა.

მისი თქმით, საქართველომ რეალობა “უნდა მიიღოს და აღიაროს, რომ დამარცხდა”.

“არსებობს რეალობა, რომელიც უნდა მიიღო. საქართველომ უნდა აღიაროს დამარცხება და იმედები არ უნდა დაამყაროს იმაზე, რომ რბილი ძალის გამოყენებით, ჩვენი სახელმწიფოებს საქართველოს მიმართულებით მოაქცევენ”, – თქვა კოკოითმა.

აგვისტოს ომის დროს ედუარდ კოკოითი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი იყო.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული