კოლორადოს ზოოპარკში სეტყვამ ცხოველები მოკლა, 14 ადამიანი დაშავდა

აშშ-ის შტატ კოლორადოში ძლიერი სეტყვა მოვიდა, სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა. თვითმხილველების თქმით, ცალკეული სეტყვის ზომა ჩოგბურთის ბურთის ზომას უტოლდებოდა.

უამინდობის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, სტიქიამ კოლორადო სფრინგსში, ზოოპარკის ტერიტორიაზეც შეაღწია, სადაც სეტყვამ სულ მცირე ორი ცხოველი მოკლა. სეტყვის დროს ზოოპარკის ტერიტორიაზე 3400 ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსადგომზე 400-ზე მეტი მანქანა დაზიანდა.

„ამ ზომის სეტყვა პირველად ვნახე, ძირითადად ყინულის ნატეხები იყო, ეს საშიშია“,-აცხადებს ზოოპარკის დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც კოლორადოს სახანძრო სამსახურის უფროსმა განაცხადა, 5 ადამიანი სხვადასხვა ტრავმებით საავადმყოფოშია მოთავსებული, 9-ს კი სამედიცინო დახმარების გაწევა დაჭირდა.

ზოოპარკმა მნახველების ევაკუირება დროულად მოახერხა, ისინი ახლომდებარე სკოლაში ავტობუსებით გადაიყვანეს. ზოოპარკი კი დროებით დაიკეტა, რათა პერსონალმა დაშავებულ ცხოველებს მიხედონ, ასევე ჩამტვრეული შუშები და ინვენტარი აღადგინონ.

როგორც The Colorado Springs Gazette იუწყება, შტორმის გამო 2500-ზე მეტი სახლი დაზიანდა, ძლიერი წვიმისა და მტვრის გამო კი ავტომაგისტრალის ერთი მონაკვეთი დაიკეტა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული