ბასიანი მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს

საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ კლუბი ბასიანი რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს. კლუბმა ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა.

“გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბასიანი განმარტავს, რომ 15 სექტემბერს, მოსკოვში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბში, GASGOLDER-ში დაიგეგმა.

“ორგანიზატორების სურვილი იყო წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის ჰედლაინერად სწორედ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო. “თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ”, – მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ”, – ნათქვამია ბასიანის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, დაგეგმილი ღონისძიება არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ, არამედ სურდათ, რომ საერთაშორისო სცენაზე პროტესტი გამოეხატათ:

“მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა”.

გუშინ, 9 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტემბერში, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, Red Bull Music Events-ზე ქართველი არტისტებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

Facebook Comments

ახალი დადებული