შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი კაცის მკვლელობის ფაქტზე ამავე სოფლის მცხოვრები დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები, ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ერთ-ერთის ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, ისინი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.