სტივენ სიგალს გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობისთვის 10 ქალი უჩივის

ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურაში  სექსუალური ძალადობის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება, რომელიც ამერიკელ მსახიობს, ამჟამად რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურ წარმომადგენელს რუსულ-ამერიკულ ჰუმანიტარული კავშირების დარგში, სტივენ სიგალს უკავშირდება..

სექსუალური ხასიათის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე 66 წლის მსახიობის წინააღმდეგ 10 -ზე მეტმა ქალმა შეიტანა განცხადება. ინფორმაციას Newsru ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის სამმართველომ მასალები პროკურატურას უკვე გადასცა. პირველი ქალი, რომელიც სიგალს გაუპატიურებაში სდებს ბრალს, რეგინა სიმონსია. 2017 წლის დეკემბერში მან პოლიციაში შესაბამისი განცხადება შეიტანა.

სიმონსის თქმით, სიგალი ფილმის გადაღებების დროს გაიცნო, 1994 წელს, როდესაც ის 18 წლის იყო. სიგალმა ის ბევერლი -ჰილზზე მდებარე საკუთარ სახლში დაპატიჟა.

როდესაც გოგონა მსახიობთან მივიდა, მიხვდა, რომ ის ერთადერთი სტუმარი იყო. მისი თქმით, სიგალმა ის ოთახში შეიყვანა და გააუპატიურა.

სიგალის წინააღმდეგ განცხადებები მანამდეც დაიწერა, სანამ სკანდალი ცნობილ კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ აგორდებოდა. ჯერ კიდევ 2010 წელს ყოფილმა მოდელმა და ჰოლივუდის მსახიობ კაიდენ ნგუენის ასისტენტმა სიგალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც მას არა მხოლოდ გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, არამედ ამტკიცებდა, რომ სიგალი ორ რუს გოგოს სექსუალურ მონობაში ამყოფებდა.

2017 წლის ნოემბერში მსახიობმა პორშა დე როსიმ განაცხადა, რომ სიგალის ფილმის ფინალურ მოსმენაზე, მსახიობის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, სიგალმა შარვლის ელვა გაიხსნა და განუცხადა, რომ მსახიობებს შორის გადასაღებ მოედანზე „უნდა წარმოიქმნას ქიმია“.

მსახიობმა ჯენი მაკარტიმ განაცხადა, რომ სიგალი მას აიძულებდა, კასტინგზე გაშიშვლებულიყო მიუხედავად იმისა, რომ სცენარში შიშველი სცენები არ იყო. ქალის პროტესტის პასუხად კი განაცხადა, რომ ეს როლი გადაღებების გარეშე გაშიშვლებას ითვალისწინებდა.

2017 წლის ოქტომბერში კიდევ ერთმა მსახიობმა ქალმა, ლია ჰერერომ გააკეთა განცხადება, რომ 1997 წელს სიგალმა ის სახლში დაპატიჟა ფილმის სინჯებისთვის. როდესაც ქალი მივიდა, სიგალი აბრეშუმის კიმონოში გამოწყობილი დახვდა და ფიზიკურ სიახლოვეზე ჩამოუგდო საუბარი. ამის შემდეგ, მალე ქალს აგენტმა დაურეკა და კიდევ ერთ „პრივატული რეპეტიციაზე“ მიპატიჟების შესახებ შეატყობინა. ჰერერომ წინადადებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი მიიღო. გადაღებების დროს სიგალმა მას საგრიმიოროში განმარტოება შესთავაზა, თუმცა ქალმა უარი უთხრა, რის შემდეგაც ქალის თქმით, ფილმიდან ამოჭრეს ყველა ეპიზოდი მისი მონაწილეობით.

მსახიობმა ჯულიანა მარგულისმაც დასდო ბრალი სიგალს სექსუალურ ძალადობაში. მისი თქმით, 1989 წელს მსახიობმა ის სასტუმროს ნომერში დაპატიჟა ახალი ფილმის კასტინგზე. შეხვედრა კასტინგ-მენეჯერის თანდასწრებით იყო დაგეგმილი და მარგულისი დათანხმდა, თუმცა როდესაც მივიდა, აღმოჩნდა, რომ ნომერში მხოლოდ სიგალი იმყოფებოდა, თანაც პისტოლეტით შეიარაღებული. სიგალმა ქალს შესთავაზა, რომ ხელის გულზე უმკითხავებდა. მარგულისმა ნომრის უსაფრთხოდ დატოვება მოახერხა. მალე მან სიგალისგან შეტყობინება მიიღო, რომ დაამტკიცეს ახალ ფილმში „სამართლიანობის სახელით“, რომელშიც სიგალი დეტექტივის როლს ასრულებდა, მარგულისს კი მეძავის როლი შეხვდა. ქალის მტკიცებით, გადაღებების დროს სიგალთან მარტო დარჩენის მუდმივად ეშინოდა.

მიუხედავად ყველა ბრალდებისა, სიგალი, რომელსაც ერთდროულად სამი ქვეყნის აშშ-ს, რუსეთისა და სერბეთის მოქალაქეობა აქვს, აგვისტოს დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკა-რუსეთს შორის ჰუმანიტარული კავშირების სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული