ცნობილი გახდა კასპიის ზღვის გაყოფის დეტალები

ყაზახეთში კასპიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას ხელი რუსეთის, ყაზახეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებმა მოაწერს. დოკუმენტის დეტალები რუსულ პრესაში გამოქვეყნდა.

კონვენციის თანახმად, თითოეული ქვეყნის ტერიტორიული წყლების ზომა 15 საზღვაო მილი იქნება და საზღვარი სახელმწიფოებრივ სტატუსს შეიძენს. ტერიტორიულ წყლებს ესაზღვრება 10 კილომეტრიანი სათევზაო ზონა, სადაც ყოველ ქვეყანას ექნება რეწვის შესაძლებლობა, გარდა ზუთხის დაჭერისა. ზღვის აკვატორიაში წყლის ზედაპირის ძირითადი ტერიტორია მხარეთა საერთო სარგებლობაში რჩება.

კერძოდ, მათ შეუძლიათ შექმნან ხელოვნური კუნძულები უსაფრთხოების 500 მ-იანი ზონებით. ამასთან, რეგიონის სახელმწიფოებმა მსხვილი პროექტების განხორციელებისას, უნდა გაითვალისწინონ ეკოლოგიური ფაქტორები და პასუხისმგებლობა აიღონ იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიას ზიანს მიაყენებენ.

აკრძალვებიდან ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა განათავსონ სამხედრო ობიექტები იმ ქვეყნებისა, რომლებიც „კასპიის ხუთეულში“ არ შედიან. ფსკერი და ქვენიადაგი კი მეზობელ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე გაიყოფა. აკვატორიით სარგებლობა რეგულარულად განიხილება საგარეო უწყების ხელმძღვანელების მიერ, 6 თვის შემდეგ კი პირველი შეხვედრა შედგება. კასპიის მე-5 სამიტი ყაზახეთში, აქტაუში გაიმართა.

გარდა რეგიონის სამართლებრივი სტატუსის კონვენციისა, რომელიც 20 წლის მანძილზე მუშავდებოდა, რუსეთის, ყაზახეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რიგ სხვა ხელშეკრულებებს ტრანსპორტის, ტურიზმის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში.

Facebook Comments

ახალი დადებული