უსუფაშვილმა და ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციის მომავალი ფუნქცია დაასახელეს

დავით უსფაშვილი ავლაბრის რეზიდენციის „საქართველოს რესპუბლიკის სასახლედ“ გადაქცევის ინიციატივით გამოდის. „პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შევალ ავლაბრის სასახლეში და მთავრობას და პარლამენტს მალევე დავითანხმებ უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებების განთავსების იმავე ოპტიმალურ სქემაზე, რასაც 2012 წელსაც ვუჭერდი მხარს: პარლამენტი – თბილისში, პრეზიდენტი – ათონელის ქუჩაზე, საქართველოს რესპუბლიკის სასახლე – ავლაბარში“, – ამბობს უსუფაშვილი. პრეზიდენტობის კანდიდატის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„საქართველოს რესპუბლიკის სასახლე გახდება ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი სიმბოლო. იგი პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშვნის პერიოდში გაიხსნება და ერთგვარად ერთ სივრცეში მოაქცევს პირველ (1918-1921) და მეორე რესპუბლიკებს (1991-დან დღემდე). ეს სასახლე არ იქნება რომელიმე თანამდებობის პირის რეზიდენცია. მასში გაიმართება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებები და ცერემონიები, პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის უმაღლესი რანგის სტუმრების მიღებები, ოფიციალური სადილები, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიები და სხვა“, – აცხადებს „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილმაც. „ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შევიდეს პრემიერმინისტრი, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან კიდევ ამ სასახლეს დიპლომატიური ფუნქცია უნდა მიენიჭოს და გახდეს ადგილი, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს მიიღებენ“, – ამბობს ზურაბიშვილი.

დღეისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტობისთვის დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

Facebook Comments

ახალი დადებული