ლელა ანჯაფარიძე-ყველაფერი, რაც ჩემში კარგია, მშობლებისგან არის და რაც ცუდია-შევიძინე

,,სწორედ ამ დღეს, 1931 წლის 15 აგვისტოს, დაიბადა ნაღდი თბილისელი კაცი, 4 ოპერის, 4 ბალეტის, 100-ზე მეტი რომანსის, 130 -ზე მეტი ფილმისთვის დაწერილი მუსიკის ავტორი, მიქაელ ტარივერდიევი…
ხომ იცით, თბილისელობას არც გეოგრაფია გააჩნია, არც ეროვნება -ეს არის სულის განსაკუთრებული მდგომარეობა, შეიძლება ითქვას – დიაგნოზიც კი…
აბა, თბილისელი კაცის გარდა ვინ დაწერდა ასე ლამაზად – „ ჩემი ბავშვობის ლურჯი ცა – თბილისის ცაა, ცხელი ზაფხული, სამხრეთის სიმწვანით გაჟღენთილი ჰაერი… ისეთი სქელი, რომ გეჩვენება, რომ მისი ნაჭრებად დაჭრა შეგიძლია… და დედა, რომელიც მხვდება… მე ვერ ვხედავ მის სახეს, ვგრძნობ მხოლოს მის ნათებას…ყველაფერი, რაც ჩემში კარგი იყო, დედისგან ვისწავლე, ყველაფერი ცუდი კი იყო ის, რისი სწავლაც მისგან ვერ შევძელი“…
ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ გამახარა ამ ბოლო ფრაზამ, რადგანაც მეც ბავშვობიდან ვამბობ – „ყველაფერი, რაც ჩემში კარგია, მშობლებისგან არის და რაც ცუდია – შევიძინე“… ამიტომ დღეს კიდევ უფრო შემიყვარდა ეს დიდებული კაცი…

მიქაელის დედა, სათენიკ (სათო) აკოპოვა იყო თბილისელი, ხოლო მისი მამა ლეონ ტარივერდიევი წარმოშობით მთიანი ყარაბახიდან გახლდათ. როდესაც დაიბადა მიქაელი, დედა მას ეძახდა „ბალიკს“ (“პატარას“)… ტარავირდიევი ამტკიცებდა, რომ ბავშვობაში იყო ძალიან შეუხედავი ბავშვი და ამას სერიოზულად განიცდიდა… რა იცოდა, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 64 წლის ასაკში, მას გამოაცხადებდნენ რუსეთის სექს-სიმბოლოდ…

მიქაელი იყო ძალიან დამოუკიდებელი და მეზობელ საბავშვო ბაღში მარტო დადიოდა… იქ მას შეუყვარდა თავისი აღმზრდელი და როდესაც გაიგო, რომ ის გათხოვდა, ბაღში აღარ წასულა… დედის ავტორიტეტმაც კი ვერ გაჭრა…

პატარა მიქაელს ძალიან არ უყვარდა მეცადინეობა მუსიკაში, მაგრამ დედის ხათრით, სწავლობდა საზიზღარ სოლფეჯიოს, რომელსაც ვერ იტანდა… მიქაელის დედა ძალიან სამართლიანი ქალი იყო… ერთხელ მან დაინახა, რომ მისი შვილი სხვა ბიჭებთან ერთად აწვალებდა ხოჭოს, შემდეგ კი შეწვა ცეცხლზე… სათო მივიდა პატარა მიქაელთან და ძალით ჩააყოფინა თითი ცხელ ნაწვავში და უთხრა „ხოჭოსაც ასე ეტკინაო“… მიქალემა ეს გაკვეთილი სამუდამოდ დაიმახსოვრა…

6 წლის მიქაელი მიიყვანეს თბილისის კონსერვატორიასთან მოქმედ მუსიკალურ სკოლაში. 8 წლის ასაკში ის რამდენიმე მუსიკალური პიესის ვტორი იყო, ხოლო 10 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი სიმფონია…
ტარივერდიევი იხსენებდა, რომ თბილისში გატარებულ ბავშვობაში მუსიკა ხელს სულ არ უშლიდა, მაგრამ სხვა სერიოზული პრობლემა ჰქონდა – მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ქალაქში არსებულ ბიჭთა 2 ბანდას შორის… 
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ერთ ბანდას ხელმძღვანელობდა შემდგომში აკადემიკოსი და მსოფლიოში ცნობილი კარდიოქირურგი, ვალოდკა ბურაკოვსკი, ხოლო მეორეს კი – არანაკლებ ცნობილი პოლიტიკოსი – ჟენკა პრიმაკოვი)))

სკოლაში ტარივერდიევს შეარქვეს „ბოთლი“, რადგანაც იყო ძალიან გამხდარი და მხრები ჰქინდა წინ წამოწეული და მისი თქმით, მართლაც გავდა ბოთლს… ამიტომაც სულ არ წყინდა…

ტარივერდიევის თქმით, მისი ბავშვობა დასრულდა მაშინ, როდესაც დააპატიმრეს მისი მამა, შემდეგ კი სახლი გაჩხრიკეს…ოჯახს ფული დაუმთავრდა და ახერხებდნენ მხოლოდ კარტოფილის და ჩაის შოვნას… მიქაელი კერძოდ ამეცადინებდა მოწაფეებს…
აქვე მინდა გავიხსენო, რომ შემდგომში, მოსკოვშიც, ტარივერდიევს ძალიან უჭირდა და შესთავაზეს საკმაოდ მაღალი ჰონორარი -რესტორანში დაკვრისთვის, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა თავისი პრონციპები რომლებსაც არ ღალატობდა და ამჯობინა ღამე რიგის სადგურზე მტვირთავად მუშაობა…
თავისი პირველი ჰონორარი კი ტარივერდიევმა მიიღო 1949 წელს, როდესაც შედგა მისი, როგორც კომპოზიტორის დებიუტი… მან დაწერა ორი საბალეტო ნაწყვეტი, რომელიც ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაიდგა… თავისი პირველი ჰონორარით, მიქაელმა იყიდა შლიაპა…
ყველა, ვინც კი იცნობდა კომპოზიტორს, აღნიშნავდა, რომ მას ჩაცმის განსაკუთრებული სტილი და ტანსაცმლის ტარების ელეგანტური მანერა ახასიათებდა… მაშინაც კი, როდესაც ჩვეულებრივ საბჭოთა მაღაზიაში ნაყიდი კოსტუმი ეცვა, ისე ლამაზად ირგებდა, რომ ექსკლუზიური გეგონებოდა…

ტარივერდიევის ჩაბარებას მოსკოვის გნესინების მუსიკალურ აკადემიაში საინტერესო წინაისტორია ჰქონდა… მიქაელი იყო 18 წლის, როდესაც კინაღან ცოლად მოიყვანა არამ ხაჩატურიანის ძმისშვილი… ნიშნობაც კი გამოცხადდა, მაგრამ მოგვიანებით, მან გაიგო, რომ როდესაც მოსკოვიდან წასული იყო, მისი საცოლე ერთ ცნობილ მუსიკოსს ხვდებოდა… მიქაელმა ეს ვერ აპატია და ისინი დაშორდნენ…
როდესაც ტარივერდიევი „გნესინკაში“ მივიდა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, მას დახვდა მკაცრი არამ ხაჩატურიანი და გაბრაზებულმა კითხა – „და როგორ აპირებ ჩემთან გამოცდის ჩაბარებასო, იმის მერე რაც მოხდაო?“… მიქაელმა უპასუხა – „რასაც ვიმსახურებ, ის დამიწერეთო“… კონკურსი ძალიან სერიოზული იყო… ერთ ადგილზე 7 კაცს ჰქონდა პრეტენზია… ტარივერდიევი იყო ერთადერთი, ვინც მიიღო 5-იანი თანაც პლუსით და ამის შემდეგ, ხაჩატურიანის არა მხოლოდ საყვარელი მოწაფე, არამედ უახლოესი მეგობარი გახდა…

მიქაელი იხსენებს, რომ მოსკოვში ცხოვრების პირველი. 1953 წელი მის ცხოვრებაში ერთერთი უბედნიერესი იყო… პრესტიჟული აკადემიის სტუდენტობა, მეგობრები, თავისუფლება… ამ დროს მან გაიგო სასიხარულო ამბავი, რომ მისი მამა გაათავისუფლეს… „მე ვიყავი სავსე ენერგიით, გულწრლელი, ცოტათი აღფრთოვანებული და ძალიან სულელი“, – იხსენებს ტარივერდიევი…
მართალია, თვეში 27 რუბლი სტიპენდია არ ყოფნიდა და ღამით კარტოფილის ტომრებს ზიდავდა, სხვა მუსიკოს მეგობრებთან ერთად, მაგრამ მერე ერთ ტომარას ჩუქნიდნენ და ასეთი გემრიელი კარტოფილი არც მანამდე და არც მერე არ გაუსინჯავს… ერთხელ კი, როდესაც სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ…ანატომიის კაბინეტს დაბალ ფასში მიყიდეს საკუთარი ჩონჩხები, მათი გარდაცვალების შემდეგ გამოყენებისთვის)))

აღსანიშნავია, რომ ტარივერდიევი ძალიან ინტერესიანი ადამიანი იყო… ის პროფესიონალურად იყო დაკავებული ფოტოგრაფიით… ერთხელ ხაჩატურიანმა ფოტოაპარატი წაართვა, რადგანაც ისე გაერთო გადაღებით, რომ კომპოზიციაში მიიღო თავისი პირველი და უკანასკნელი 4-იანი… მიქაელი დადიოდა კრივზე, ცხენებზე, ველოსპორტზე, ავტორალიზე, შედიოდა საქართველოს მოცურავეთა ჯგუფში, ერთერთი პირველი არაპროფესიონალი იყო, ვინც დაეუფლა ვინდსერფინგს და თანაც ისე, რომ გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი…

მე შემიძლია დავადასტურო მხოლოდ ის, რომ შესანიშნავად ლამაზად დგა ზღვის თხილამურებზე… ის ყოველთვის ისვენებდა სოხუმში, კომპოზიტორთა სახლში, მაია პლისეცკაიას და როდიონ შჩედრინთან ერთად… მათი პლაჟი ჩვენი დასასვენებელი სახლის პლაჟს ებჯინებოდა და ხშირად ზღვიდან გამოსულა ჩვენთან… ერთხელ მქონდა ბედნიერება და ეცადა ესწავლებინა ჩემთვის წყლის თხილამურებზე დადგომა… ასე ამიხსნა, მთავარია წყალზე სწორად დადგეო და მერე, კარგად ცურავო და შეძლებო… სამწუხაროდ, პირველივე ცდის დროს არასწორად დავდექი, ალბათ გავიპრანჭე ზედმეტად – თავად ტარივერდიევი მყავდა მასწავლებელი… ჩემი გაპრანჭვა კი ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა – და ფეხი ვიღრძე… ეს იყო ჩემი პირველი და ბოლო დადგომა წყლის თხილამურებზე… ტარივერდიევიც ცდილობდა მეტი ჩვენს პლაჟზე არ გამოჩენილიყო… სავარაუდოდ, გაიგო, რომ ზურიკოს ძმისშვილი კინაღამ დაასახიჩრა და ზურიკო კი ამ დროს ისვენებდა კომპოზიტორებში, მის გვერდით ნომერში…

ტარივერდიევის ცხოვრებაში იყო უამრავი ქალბატონი… ის იყო ძალიან იმპულსიური და ემოციური… შეყვარებაც უცებ იცოდა და გადაყვარებაც… რამდენიმე ოფიციალური მეუღლეც ყავდა… როგორც აღმოჩნდა, ის ყოველთვის ეძებდა სიმყუდროვეს და სიმშვიდეს, მისი რჩეულები კი ვულკანს ჩამოგავდნენ… საბედნიეროდ, ბოლოს მან შეძლო მოეძებნა თავისი ქალი, რომელსაც ეძებდა და ელოდებოდა მთელი ცხოვრება – ვერა… ისინი იყვნენ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ თანამოაზრეები… სავარაუდოდ, ვერა იყო ის ქალბატონი, რომელმაც ტარივერდიევს დაავიწყა მისი დიდი ხნის წინ მომხდარი სასიყვარულო ტრაგედია…

ის 60-იან წლებში იყო შეყვარებული ულამაზეს მსახიობში, ლუდმილა მაქსაკოვაში… ერთხელ ღამე ისინი სახლში ბრუნდებოდნენ… საჭესთან იჯდა ლუდმილა… მანქანა შეეჯახა გამვლელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა… ტარივერდიევმა, როგორც ჯენტლმენმა, თავის თავზე აიღო დანაშაული და გამაცხადა, რომ საჭესთან ის იყო… სასამართლო პროცესი გრძელდებოდა 2 წელი. ციხიდან ის ამნისტიამ გადაარჩინა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ, ლუდმილა აღარასდროს არ უნახავს… ალბათ, ამის მიზეზი არსებობდა…

სამაგიეროდ, ლუდმილა მე ვნახე მოსკოვში, ერთერთ ელიტარულ საპარიკმახეროში (ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი, ისიც დამპატიჟეს)… საოცრად მომხიბვლელი და მოვლილ ქალი იყო… აღფრთოვანებით ვუყურებდი და ის კი გაკვირვებული აკვირდებოდა ჩემს ნაწნავს… მე სულ ახალგაზრდა ვიყავი და გულწრფელად შევეკითხე – „უკაცრავად, პედიკიურში რამდენი უნდა გადავიხადო?“ იცით, როგორ შემხედა, შემდასებლის თვალით და ამპარტავნად მიპასუხა – „მე ნუ მეკითხებითო… ჩვენ განსხვავებული ტარიფები გვაქვსო“…
ასე რომ, ძალიანაც კარგი, რომ ტარივერდიევი და მაქსაკოვა ბედმა ერთმანეთს დააცილა… ასე უნდა მაქსაკოვასა)))

ამ ისტორიამ, ალბათ გაგახსენათ ელდარ რიაზანოვის ფილმი „სადგური ორისთვის“, რომელსაც სწორედ ეს სევდიანი ისტორია უდევს საფუძვლად…ამბობენ, რომ რიაზანოვმა სცენარი ტარივერდიევტან შეუთანხმებლად დაწერა და კომპოზიტორს ეწყინა…

ხომ გახსოვთ – „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“…
როდესაც ტარივერდიევმა დაწერა შესანიშნავი მუსიკა ფილმისთვის „გაზაფხულის 17 გაელვება“, კომპოზიტორთა კავშირში მოვიდა ფრანგი კომპოზიტორი ფრანსის ლეის დეპეშა, სადაც ეწერა – „გილოცავთ ჩემი მუსიკის წარმატებას“. ამის შემდეგ დაიწყო ჭორაობა იმაზე, რომ ტარივერდიევმა მოიპარა ფრანგი კომპოზიტორის მუსიკა კინოფილმიდან „”Love story”. ამას დაემატა ის, რომ კომპოზიტორთა კავშირში, საქმის გასარკვევად დარეკა საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშემ…
ტარივერდიევი, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიქონდა კინაღამ გადაყვა ამ ამბავს…
მოგვიანებით ფრენსის ლეიმ გამოაგზავნა ნამდვილი დეპეშა, სადაც წერდა, რომ აზრათაც არ მოსვლია ასეთი სულელური ბრალდებების წამოყენება… 
გაირკვა, რომ ტელეგრამა, ისევე როგორც ზარი იყო ყალბი… და ამ „გათამაშების“ ავტორი კი გახლდათ „ძალიან კეთილი იუმორის“ მქონე დირიჟორი და კომპოზიტორი, ნიკიტა ბოგოსლოვსკი… მან ეს გაამხილა თავის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ ვერა ტარივერდიევას თქმით, – „დაიგვიანა. ამ ისტორიამ საბოლოოდ შეარყია მიქაელ ტარივერდიევის ჯანმრთელობა“… ის, ასეთი სპორტული, ჯან-ღონით და ოპტიმიზმით სავსე, გარდაიცვალა სულ რარაც 65 წლის ასაკში… გულის უკმარისობისგან…

მე კი მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი მისი მოგონებებიდან…
მას არ უყვარდა დაბადების დღეების გადახდა და ერთხელ გააკეთა მხოლოდ გამონაკლისი, 1981 წლის ზაფხულში, თავის 50 წლისთავზე, სოხუმში დასვენების დროს, როდიონ შჩედრინთან ერთად სერფინგით გაცურა შუა შავ ზღვაში და იქ მიირთვეს თითო ბოთლი სომხური კონიაკი…

ტარივერდიევის ბავშვობის ოცნება ყიფილა – ჩასულიყო თბილისში „მერსედესით“, რომელშიც დაბრძანებული იქნებოდა არგენტინლელი ულამაზესი მიმღერალი, ლოლიტა ტორესი…

ტარივერდიევმა სურვილი თითქმის ბოლომდე აიხდინა – „მერსედესიც“ იყიდა და ლოლიტა ტორესიც გაიცნო…
ნამდვილად ღირსი იყო…”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მომღერალ, ზურაბ ანჯაფარიძის ქალიშვილი  ლელა ანჯაფარიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული