სოხუმმა საბჭოთა პასპორტები ძალადაკარგულად გამოაცხადა

ოკუპირებულ აფხაზეთში საბჭოთა პასპორტები, რომლითაც ამ დრომდე სარგებლობდა გალის რაიონში მცხოვრებ ქართველთა ნაწილი, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს.

„მეზობელს დედა გარდაეცვალა, რომელიც ავადმყოფობის გამო ზუგდიდში იყო გადაყვანილი. შვილი გალის რაიონში იყო, დღეს გადასვლა სცადა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა უარით გაისტუმრეს და უთხრეს, რომ ამ საბუთით გადასვლას ვეღარ შეძლებდა. ვინც ენგურს გაღმა იყო გადასული და ამ საბუთის იმედი ჰქონდა, იქეთ დარჩა, ენგურს გამოღმა მყოფები კი ადგილზე ჩაიკეტნენ. არ აქვს მნიშვნელობა ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვაზე“ გაქვს თუ არა განაცხადი შეტანილი, მაინც არავის უშვებენ“,–განაცხადა სოფელ ნაბაკევის მცხოვრებმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეჩერებულია ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაც.

ე.წ. წითელი პასპორტი ერთ-ერთი საბუთი იყო, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა იყო შესაძლებელი.

ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედებს ახალი ნიმუშის აფხაზური „მწვანე პასპორტი“ და ცნობა ე.წ. ბინადრობის ნებართვის შესახებ.

წყარო:pia.ge

Facebook Comments

ახალი დადებული