ვალერი მელაძე საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს განმარტავს

რუსეთში მომღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ვალერი მელაძე ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს.

ამასთან, მელაძის თქმით, ის რუსეთის მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს.

„არ ვმალავ ამ ფაქტს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ. ჩემი ქმედება არც საქართველოს და არც რუსეთის კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება“,-განუცხადა მელაძემ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას“.

მომღერალი განმარტავს, რომ დაიბადა და გაიზარდა საქართველოში მაშინ როდესაც რუსეთთან საზღვრები არ არსებობდა. მისი თქმით, ეს საზღვრები მოგვიანებით გაჩნდა, თუმცა მას სურს ეს საზღვრები წაიშალოს, „თუნდაც ჩემთვის“.

„ისტორიულად და მენტალურად რუსები და ქართველები იყვნენ და რჩებიან მოძმე ერებად. საზღვრების გაჩენამ არჩევანის წინაშე დაგვაყენა“,-განაცხადა ვალერი მელაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მოქალაქეობის მიღება „არავისთვის არ იქნება მორალური ზიანის მომტანი“.

ვალერი მელაძემ მოქალაქეობის მიღების სურვილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა.

Facebook Comments

ახალი დადებული