როგორ გვიტანდნენ ერთ ოჯახში ასეთ 2 ხულიგანს, დღემდე არ მესმის…

,,ზურიკოს „ბოლოსთვის შემონახული“ საიდუმლო…
(ყველაზე საყვარელი მოგონებებიდან)

როგორც მოგეხსენებათ, ოპერების შემქმნელ კომპოზიტორებსა და ლიბრეტოს ავტორებს – ვერდებს, პუჩინებს, ბიზეებს და მშობლიურ ფალიაშვილებს … ძალიან დაჩაგრული ჰყავთ ტენორები: როგორც წესი, მათ ყველაზე ლამაზ და რთულ პარტიებს ასრულებინებენ და ბოლოში აუცილებლად კლავენ… (ეტყობა, თვლიან, ასეთი არიების შემდეგ, ცხოვრებას არავითარი აზრიაღარა აქვს)… 

ხოდა, ზურიკოც, თითქმის ყველა ოპერაში „კვდებოდა“ და შესაბამისად, ეცემოდა. .. პეპელასავით… არასდროს მინახავს, ვინმე (მითუმეტეს ამხელა კაცი) ასე იოლად, მჩატედ და უხმოდ ეცემოდეს… რაღა თქმა უნდა, მაია პლისეცკაიას „მომაკვდავი გედის“ ცეკვას თუ არ ჩავთვლით… ბუნებრივია, ზურიკოს ქჰონდა თავისი „საიდუმლო დაცემა“. ხოდა, მე როგორ შევეშვებოდი, სულ დავსდევდი და ვთხოვდი: მასწავლე შენსავით დაცემა-მეთქი, და ერთხელაც… შინ მარტო რომ დავრჩით, მასწავლა. (რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ანჯაფარიძეების საიდუმლოს გამხელას, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ბუმბულივით რომ დაეცე, უნდა იცოდე ზუსტი კუთხე, ფეხის ამოდების დრო და აუცილებლად უნდა გქონდეს იუმორის გრძნობა).

მოკლედ, ვისწავლე თუ არა „ფირმენი“ დაცემა, ყველას გული გავუწყალე, ბებია სახლში შემოსვლისთანავე ხომ შევაშინე, ჯუმბერ პატიაშვილის არაჩვეულებრი მეუღლე – თინაც ხომ ავაკივლე და ავაკივლე, სტუმრად მოსული ნათესავებიც გადავრიე. 

დღის ბოლოს, ბებიაჩემი იმდენად შეეჩვია, რომ სულ იატაკზე ვიყავი გაშხლართული, ყურადღებას აღარ მაქცევდა, წყნარად გადამაბიჯებდა ხოლმე და საქმეს აგრძელებდა.

მაგრამ, მთავარი ინტრიგა, რისთვისაც ვემზადებოდით და მე ზურიკო (ზურიკო… მგონი, ჩემზე კიდევ მეტად იყო მოწადინებული) დედაჩემი – გალიჩკა იყო: მისი მოსვლის წინ, კიდევ ერთხელ გავიარეთ გენერალური რეპეტიცია და კარზე ზარიც დაირეკა: სცენარის მიხედვით, მეტი ეფექტისათვის, ზურიკოს გალიჩკა როგორმე დიდი ოთახში უნდა შემოეყვანა, რაც არც ისე იოლი იყო, რადგან დედა შემოსვლისთანავე ბებიკოსთან გარბოდა სამზარეულოში, მაგრამ ზურიკომ მიზანს „მაინც მიაღწია“: გალიჩკა შემოვიდა. მე სამამდე დავითვალე, გულზე დემონსტრაციულად ხელი მივიდე, წამოვიკივლე და დავეცი.
მერე აღარაფერი მახსოვს! რადგან ტელევიზორის მაგიდის კუთხეს ჩამოვარტყი თავი: გონს რომ მოვედი, ვიწექი ზურიკოს არაბულ ტახტზე. ბებია და გალიჩკა აბესალომის დედასავით და და– მარეხივით ტრაგიკულად ჩახუტებულები იდგნენ ტახტის ერთ მხარეს, ტახტის მეორე მხარესკი „საშინლად დამნაშავე“ სახით იდგა ზურიკო.

თვალები გავახილე თუ არა, ყველა მომმვარდა და ქალებმა დუეტში დაიწყეს: “კარგი რა, ზურიკო, ეს ბავშვია, ჯერ ჭკუა არ მოეკითხება, შენ ამხელა კაცს, ეს როგორ მოგივიდა… მეტი ვერაფერი ვერ ასწავლეო?” თან ბოლო ფრაზას მისამღერივით, იმეორებდნენ.

ზურიკომ ითმინა-ითმინა და ბოლოს გამოაცხადა: “იცით რას გეტყვითო, ეს ბავშვი ჩემზე ჭკვიანიაო! რაც ამას ერთ დღეში ხუთიანები მოაქვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ „შემიგროვებიაო“, მათემატიკაც ჩემზე კარგად იცის და წერა-კითხვაცო …
სიმღერას მაგას ვერ ვასწავლი, აზრი არა აქვს, ხოდა ერთი ბოლო საიდუმლო მქონდა ჩემთვის შემონახული და ისიც მაგას ვასწავლე და რა გინდათ ჩემგანო?!..

ქალებმა ერთმანეთს გადახედეს… მე კიდევ ვიწექი არაბულ ტახტზე, ლამაზად)))

როგორ გვიტანდნენ ერთ ოჯახში ასეთ 2 ხულიგანს, დღემდე არ მესმის…
სავარაუდოდ, ვუყვარდით”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის ქალიშვილი, ლელა ანჯაფარიძე

Facebook Comments

ახალი დადებული