ანგელა მერკელი საქართველოს დღეს  ეწვევა

სამხრეთ კავკასიაში ანგელა მერკელის პირველ ტურნეს გერმანული გავლენიანი გამოცემები და ასევე ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ეხმიანებიან.

გაზეთი Frankfurter Allgemeine წერს, რომ მერკელი საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას. გადაუჭრელი კონფლიქტების გარდა, განიხილავენ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი შანსებსაც.

“საქართველოს ეკონომიკა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ვერ დაეფუძნება სასარგებლო წიაღისეულს, გამოირჩევა მოდერნიზებით და ფიქსირდება საიმედო ჩარჩოპირობებზე დამყარებული წლიურ 4 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდა“- წერს ავტორი და დასძენს, რომ ფედერალურ კანცლერს თან ახლდებიან გერმანული საწარმოების წარმომადგენლებიც.

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მერკელის ვიზიტზე Saarbrücker Zeitung-ი წერს, რომ გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია 7 წევრისგან შედგება, რომელთაც კავკასიაში თემათა ფართო სპექტრი ელოდებათ. სამივე რესპუბლიკა ევროკავშირისკენ მიისწრაფის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში უკვე დაკავშირებულია მასთან; საქართველო, კი რომლის ტერიტორიის ნაწილებიც 2008 წლიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დამატებით, ნატოში გაწევრიანებასაც ლამობს.

Süddeutsche Zeitung-ი კი წერს, რომ მოსკოვიც გარკვეული დაინტერესებით მიადევნებს თვალყურს ამ მოვლენას, მით უმეტეს, რომ მერკელი გარკვეული სიგნალების გაკეთებას გეგმავს.

სტატიაში ნახსენებია გასულ შაბათს პუტინისა და მერკელის ხანგრძლივი საუბარი უკრაინის კონფლიქტის შესახებ, რომელსაც პარალელი აქვს საქართველოს კონფლიქტებთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსეთმა თავისი სამხედრო პოზიციები უკვე გაიმყარა. ამასთან დაკავშირებით ბერლინის პოზიციაა: „რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ“. ავტორი წერს, რომ დაახლოებით ათი წელია ეს კონფლიქტები გაყინულია და სწორედ ამის თავიდან აცილება სურს მერკელს უკრაინასთან მიმართებით. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო აბსოლუტურად ღიაა ევროპის მიმართ და უკვე გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

გერმანიის კანცლერის პირველი ტურნე სამხრეთ კავკასიაში. ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი. ვებ გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის პირველივე აბზაცშია აღნიშნულია, რომ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტისას გერმანიის კანცლერისა და ოფიციალური პირების საუბრის ერთ- ერთი მთავარი თემა რიგ აქტუალურ საკითხებთან ერთად ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებაც იქნება. „საქართველოს მთავრობა შეეცდება კანცლერის ყურადღება მიმართოს რუსეთის ოკუპაციაზე, თუმცა ვიზიტისას მერკელს ეძლევა შანსი გამოხატოს შეშფოთება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა ზიანის მომტანი დანაშაულებრივი ნარკო პოლიტიკა , სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტება და შრომითი უფლებების დარღვევა. – ნათქვამია ჰუმან ვრაითს ვოტჩის სტატიაში.

ანგელა მერკელი საქართველოს დღეს  ეწევა.

Facebook Comments

ახალი დადებული