ჯონ მაკკეინი 81 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. მედიის ცნობით, მაკკეინი არიზონაში, საკუთარ სახლში, ოჯახის წვრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. მას კიბო ჰქონდა.

ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ივლისის ბოლოს დაუსვეს. 80 წლის პოლიტიკოსს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომა იყო.

როგორც წესი, გლიობლასტომას აღმოჩენის შემდეგ, პაციენტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 14 თვეა.

ჯონ სიდნი მაკკეინ III 1987 წლიდან არიზონის სენატორი იყო. ასევე იყო კანდიდატი 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან.

მაკკეინის ბაბუა და მამა აშშ-ის საზღვაო ფლოტის ოთხვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ. აგრეთვე ჯონმაც დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია 1958 წელს. ამის შემდეგ იგი გახდა საზღვაო ფლოტის მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი მძევლობაში გაატარა, სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაათავისუფლეს.

1981 წელს მაკკეინმა თავი დაანება საზღვაო ფლოტს, გადავიდა არიზონაში და მალე ჩაერთო პოლიტიკაში. 1982 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში არიზონის პირველი საარჩევნო უბნიდან.

მაკკეინი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წლის არჩევნებში, მაგრამ პრაიმერებში ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.

Facebook Comments

ახალი დადებული