თბილისში იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმები 28 აგვისტოდან იზრდება

თბილისში ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმები იზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა აპრილში დაამტკიცა, ჯარიმების ოთხჯერ ზრდას ითვალისწინებს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

28 აგვისტოდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. დღეს ჯარიმა 50 ლარია.

გარევაჭრობაზე ჯარიმები 20-დან 50 ლარამდე იზრდება. არაქართულენოვანი წარწერების განთავსებაზე ფიზიკური პირები 200-ის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირები 300-ის ნაცვლად 3000-ით.

საზოგადოებრივი სივრცეების იერსახის დაზიანების შემთხვევაში, მათ შორის პოლიტიკური პლაკატების განთავსების შემთხვევაში ჯარიმა  50-ის ნაცვლად 200 ლარი იქნება; უნებართვოდ და აკრძალულ ადგილებზე წარწერებისა და ნახატების განთავსების შემთხვევაში ფინანსური სანქცია 500-დან 1000 ლარამდე იზრდება.

ასევე იზრდება ჯარიმა თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურ შეცვლაზე, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლაზე. აქამდე ჯარიმა 200 ლარი იყო, 28 აგვისტოდან ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება.

არ იცვლება ჯარიმის ოდენობა იმავე ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენაზე, ამ შემთხვევაში ჯარიმა ისევ 5 000 ლარი იქნება.

ასევე იგივე რჩება ჯარიმის ოდენობა სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟსა ან/და განთავსებაზე. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი − 1 000 ლარით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში კი 1 500 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.

Facebook Comments

ახალი დადებული