შევყურებთ ისევ და ისევ საქართველოს პრეზიდენტს, იკისრებს თუ არა ის პასუხისმგებლობას

მანამ, სანამ პრეზიდენტი თავს უფლებამოსილებას არ ახორციელებს და ამით არ სარგებლობს, რთულია ისაუბრო იმაზე, რომ  ყოველთვის ყველაფერი არის მმართველი გუნდის ბრალი,-ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. საუბარია უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე, რომელთან დაკავშირებითაც, მარგველაშვილმა კონსულტაციები შეწყვიტა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ის არავის დაასახელებს, რადგან მმართველი გუნდი კანდიდატურას მაინც ჩააგდებს. საქართველოს პრეზიდენტს კონსულტაციების გაგრძელებისკენ და კანდიდატურის დასახელებისკენ მესამე სექტორმაც მოუწოდა. იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ თავად ის პროცესი, რომელიც წამოიწყო პრეზიდენტმა, სპექტაკლს უფრო ჰგავს.

„ჩემთვის უცნობია რა ნიშნით შეკრიბა მან ის ხალხი, ვისთანაც ჯერ პირველ ჯერზე  გაიარა კონსულტაცია, როდესაც ქალბატონი ნინო წარადგინა და  როდესაც ქალბატონი ნინო გადადგა, ერთი მადლობაც არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს და ახლა მეორედ დაიწყო კონსულტაციები. რისთვის დაიწყო და რატომ დასრულდა ვერ გავიგე იმიტომ, რომ მთლიანად ეს კონსულტაციების პროცესი ჰგავს რაღაც სპექტაკლს, რომელიც ამ ეტაპზე ამჯერად მეორედ უშედეგოდ დასრულდა. მანამ, სანამ პრეზიდენტი თავსი ამ უფლებამოსილებას თუ უფრო სწორედ ვიტყვით, პრეროგატივას არ ახორციელებს და ამით არ სარგებლობს, ალბათ რთულია ისაუბრო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე და გეგონოს, რომ ყველაფერი ყოველთვის არის მმართველი გუნდის ბრალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი შევყურებთ ისევ და ისევ საქართველოს პრეზიდენტს იკისრებს თუ არა ის პასუხისმგებლობას,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

თუ გიორგი მარგველაშვილმა არავინ წარადგინა, მაშინ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უკვე იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს. სწორედ ამიტომ ქვეყნის პირველ პირს არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მისი კონსტიტუციური მოვალეობა შეასრულოს და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა.

Facebook Comments

ახალი დადებული