10 პარტია ცესკოს ერთობლივი განცხადებით მიმართავს

10 პოლიტიკური პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთობლივი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად რამდენიმე ნაბიჯი გადადგას.

პარტიების განცხადებით, მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას გამჭვირვალების და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელოს.

“გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა, მათ შორის შესაბამისი კადრების გადამზადების კუთხით.

ამ დრომდე, კი იმისთვის, რომ მოცემული მოდელის ფარგლებში მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც თავისთავად აისახება არჩევნების სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხზე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში ცესკო-მ გადადგას შემდგომი ნაბიჯები:

1. საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევისას უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა, მათ შორის შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების მეშვეობით, ნაციონალური თუ რეგიონული სატელევიზიო საშუალებების, ბეჭდვითი და ინტერნეტ სივრცის გამოყენებით;

2. გაწეროს და საჯაროდ ცნობილი გახადოს კონკრეტული და მკაფიო შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც განუხრელად იქნება დაცული საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში;

3. უზრუნველყოს შერჩევის პროცესისას ზეპირი გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობა საოლქო კომისიების წევრების მიერ და შესაძლებელი გახადოს აღნიშნული გასაუბრების საჯარო ტრანსლირება ცესკო-ს ვებგვერდის მეშვეობით;

4. მოახდინოს ცესკოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება ცესკო-ს ვებგვერდის საშუალებით“, – წერია 10 პოლიტიკური პარტიის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ), „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“.

29 სექტემბრიდან წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყება  და ამოქმედდა ის წესები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის არის დადგენილი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული