ლელა ანჯაფარიძე-აი ამას ქვია ნამდვილი ადამიანობა, უანგარო და აბსოლუტურად სუფთა…

,,სტეფან სტეფანიანოვიჩი სტეფანიანი…

ერთხელ, ზაფხულის ზღურბლზე, ზურიკომ ალე ბებია გაახარა – ახალ ოქროყანაში აგარაკი გამოგვიყესო…
არა და, წინა 2 წლის განმავლობაში ძველ ოქროყანაში, ჩვენს საყვარელ 34-ე ნომერ კოტეჯზე, სადაც მეორე სართულზე სერგო ზაქარიაძე ცხოვრობდა, უარი გვითხრეს… რესტავრაციაზეაო…
(თავიდან გვეგონა, რომ სავარაუდოდ, ოქროყანის „ერმიტაჟს“ აღდგენდენენ… 
მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს ყოფილ 34-ე აგარაკში ზურიკოზე და სერგოზე გაცილებით და თან რამდენჯერმე გაცილებით უფრო ფულიანი ხალხი შესახლდა…

ალექსანდრა უცებ გამოცოცხდა… 3 დღეში, გამზადებულები ავედით ახალი აგარაკის სანახავად…
ძალიან კომფორტაბელური იყო, მართალია, იმ ძველ აგარაკზე ორჯერ პატარა… სამაგიეროდ გაწკრიალებული… ბებიამ კიდევ უფრო გააწკრიალა. გაამყუდროვა, გაათბო, მან რომ იცოდა ხოლმე და იმისთანა მყუდრო გახდა…
წინ დიდი აივანი ჰქონდა და მართალია, ძველი ოქროყანასავით ხეებით არ იყო დახუნძლული, მაგრამ… მაინც გვიხაროდა…
როგორც კი შევსახლდით დაცვიან ტერიტორიაზე, ბებიამ და მე-მ მოვინახულეთ სპეც-მაღაზია (აგარაკი მინისტრთა საბჭოს სპეცობიექტი გახლდათ)…
მინდა გითხრათ, რომ პროდუქტების მხრივ, ის ჯობდა თავის წინამორბედს…
დილიდან მოქონდათ ახალი რძისგან დაღლილი სულგუნი და დიდ ნახვერეტიანი იმერული ყვედი, ფაქიზი
ხაჭო, ხორცი, „ივერია“ სოსისი – რომ ტკაცუნობდა … მოსკოვის კამფეტები და ფინური „კლიუკვის“ ლიქიორი, ლამაზ და ფიგურულ ბოთლებში ჩამოსხმული…
ალემ პირველივე დღეს გაიცნო მაღაზიის გამგე – სტეფან სტეფანეს ძე სტეფანიანი… საოცრად კეთილი კაცი იყო… ბებია ისე შეუყვარდა, – პროდუქტები სახლში მიქონდა ხოლმე… მოკლედ დაძმაკაცდნენ…

გავიდა წლები და მუშაობა დავიწყე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში და უცებ ჩემთან შეხვედრაზე ჩაეწერა ვინმე სტეფანე სტეფანიანი… თავიდან ვიფიქრე – სომხეთის საელჩოს დიპლომატია მეთქი და შესაბამისად მოვემზადე… მაგრამ კაბინეტში რომ შემოვიდა საოცრად საყვარელი და ნაცნობი კაცი… ისე გამიხარდა, ყველ პროტოკოლის დარღვევით ვეცი და ჩავეხუტე…
დიდხანს ვიჭორავეთ… მერე კიდევ წასვლამდე, ასე მითხრა – შენთვის საჩუქარი მაქვსო და ხვალ მოგიტანენო… შეხვედრის ბოლოს ასე მითხრა – საინფორმაციო გამოშვებაში გნახეო, გიცანი, გავიკითხე და მოგძებნეო…

მეორე დღეს საელჩოში დამხვდა სამზარეულოს კომპლექტი… შესანიშნავი, რომელიც მოიცავდა 15 ქვაბს – ერთი ცალი ობოლი კვერცხი რომ უნდა მოხარშო და მთლინი ძროხის მოხარშვამდე, 25 ცალ ტაფას, ყველანირ კოვზს, ამოსაღებს, დურშლაკს, სახეხებს, ხორცის გასატარებელ მანქანას, წვენის გასაწურს…ნივრის საჭყლეტიც რომ იყო…
სხვათაშორის, „ის“ ნივრის საჭყლეტი და ერთი ცალი ტაფა დღესაც შემომრჩა…
აი ამას ქვია ნამდვილი ადამიანობა, უანგარო და აბსოლუტურად სუფთა… უბრალოდ, ამ კარგ და ლამაზ კაცს ახსოვდა ალე ბებია და მის შვილიშვილს ისე სცა პატივი, როგორც შეეძლო.”-ზურაბ ანჯაფარიძის ქალიშვილის, ლელა ანჯაფარიძის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: