წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იკრძალება

29 აგვისტოდან საქართველოში წინასაარჩევო კამპანია/აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ამოქმედდა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის დღეიდან იკრძალება წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოებაზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ასევე იკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლო ან საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.

“კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალებათ წინსაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან რამენაირად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. ასევე კანონმდებლობით აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინსაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება, ასევე აკრძალულია არამხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტი თუ წინასწარ არ იყო განსაზღვრული – არ უნდა მოხდეს ისეთი მასშტაბური პროექტების განხორცელება რაც მანამდე არ იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა, შემწეობების გაზრდა, თუ ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ასევე, მიქელაძის თქმით, გარკვეული ვალდებულება აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, კერძოდ მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვთ. ამასთან, მიქელაძის თქმით, ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისთვის.

“ეს არის ის აკრძალვები და ვალდებულებები, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული”, – თქვა ანა მიქელაძემ.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დღეიდან, 29 აგვისტოდან დაიწყო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული