დავით სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, ნარკოტიკით ინტოქსიკაციისას სასწრაფო დახმარება გამოიძახონ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, ნარკოტიკით ინტოქსიკაციის, მათ შორის ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახოს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 2014-2015 წლებში გაუქმდა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, ზედოზირების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო დახმარებას საპატრულო პოლიციისთვის შეტყობინება უნდა გადაეცა.

“მოსახლეობას, ყველას, ვინც კი შეიძლება, აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, ზედოზირება იქნება თუ სხვა რამ, აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო. ეს მათ არანაირ რისკს არ უქმნის, პირიქით, ამის არგაკეთება უქმნის რისკს. 2014-2015 წლებში გავაუქმეთ ვალდებულება, რომ პირველი ზედოზირების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო დახმარებას შეტყობინება გაეკეთებინა; მეორე – ზედოზირების შემთხვევაში არც სადაზღვევო პაკეტები და არც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებდა ამ მდგომარეობის მკურნალობას, ესეც მოვხსენით და გადავწყვიტეთ, რომ აფინანსებს ზედოზირების მკურნალობას. არ მინდა, რომ ეს მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუ ვინმეს დაუდგება, არც კი შეყოვნდეს, იმ წამსვე გამოიძახოს სასწრაფო დახმარება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

Facebook Comments

ახალი დადებული