დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს

საქართველოდან ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად “ნამე” გაიგზავნება. ამის შესახებ on.ge წერს.

ფილმის რეჟისორია ზაზა ხალვაში. “ნამეს” მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

ამერიკის კინოაკადემიამ, ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2019 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იყო წარდგენილი. ხიბულა – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ნამე – რეჟისორი ზაზა ხალვაში, ჰორიზონტი – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, დედე – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, ექვთიმე ღვთისკაცი – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, ჰამლეტი – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კომისია ორმა წევრმა – კოტე ჯანდიერმა და ლევან კიტიამ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული