სექტემბრიდან მოსწავლეებს იმავე სქესის მანდატურები მეტალოდეტექტორებით შეამოწმებენ

2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ipn საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ. უფრო კონკრეტულად, „ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, რაც გულისხმობს – იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენებით ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერებას მეტალოდეტექტორის გამოყენებით”.

სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი. თუ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს.

Facebook Comments

ახალი დადებული