ცნობილია ადგილი, სადაც ზახარჩენკოს მოსაკლავად ბომბი იყო დამონტაჟებული

ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელმაც თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო მოკლა, წინასწარი მონაცემებით, კაფე „სეპარ“-ში, ერთ-ერთ სანათ მოწყობილობაში იყო დამონტაჟებული- ჭაღში, ან ტორშერში. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმდებაში სატელეფონო ზარმა მოიყვანა. მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებული შესაძლოა, იყვნენ ზახარჩენკოსთან დაახლოებული პირები, რომლებმაც იცოდნენ მისი გადაადგილებების შესახებ.

ძალოვანების თქმით, „თავისიანების“ გარეშე კაფეში ბომბის დამონტაჟება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან დაწესებულება კარგად იყო დაცული – ის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დაცვის უფროსს ეკუთვნის.

დონეცკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსული მედია იუწყება, რომ დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებმაც აღიარეს, რომ უკრაინული მხარის დაკვეთით მოქმედებდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი ზახარჩენკოს დაცვის უფროსია, რომელიც აფეთქების შემდეგ გაუჩინარდა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელი , 42 წლის ალექსანდრ ზახარჩენკო პარასკევს, დონეცკში მოკლეს, მასთან ერთად დაიჭრა ორი სეპარატისტი მაღალჩინოსანი,- დონეცკის ე.წ. ვიცე-პრემიერი და შემოსავლების მინისტრი.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა — თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა, რომელიც  უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. 2014-2015 წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დონეცკის ოლქის უდიდესი ნაწილი სეპარატისტების  კონტროლის ქვეშ მოექცა და ის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.

Facebook Comments

ახალი დადებული