მეცნიერება ფიტნესი და წონაში კლება

BBC-ხორცი კი არა, ცომი და შაქარი კლავს

კანადელმა მკვლევარებმა უარყვეს მტკიცებულება ხორცის მავნებლობის შესახებ თუ ის ძეხვი ან სხვანაირად გადამუშავებული  არ არის . მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაბალანსებული დიეტის დროს უნდა გამოირიცხოს პური და შაქარი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ხორცი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაკმასტერის უნივერსიტეტის კვლევებში 218 ათასმა ადამიანმა 50 ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა. ისინი რაციონის მიხედვით 5 ჯგუფად დაყვეს. ჯანმრთელ დიეტას 18 ქულა მიანიჭეს,  შედარებით მავნეს კი-11. კვების რაციონის ხარისხი შეადარეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და ნაადრევი სიკვდილიანობის რისკებს.

შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულისა და ზოგადად, ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო დიეტა ყოველდღიურად უნდა შეიცავდეს წითელ ხორცს, ხილს, ბოსტნეულს, თხილს, ყველს, იოგურტსა და რძეს. ასეთ შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილის რისკი მეოთხედით მცირდება, ხოლო ინსულტის-22 პროცენტით.

კვლევაში თეთრი ხორცი შეტანილი არ ყოფილა, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ორივე ტიპის ხორცი ერთნაირად სასარგებლოა.

აღნიშნული კვლევის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის ჯანმრთელი კვების ადრინდელ რეკომენდაციებთან. 2015 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ხორცი პირველი ჯგუფის კანცეროგენია და კიბოს იწვევს, თუმცა მაშინ კვლევა გადამუშავებულ ხორცს ეხებოდა. კანადელი მეცნიერების მტკიცებით, ჯანმრთელ დიეტაში შედის ხორცი, რომელიც ტექნოლოგიურად არ არის დამუშავებული, ანუ არ უნდა იყოს ძეხვი და მისი მსგავსი პროდუქტი.

მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ორგანიზმს ნამდვილ ზიანს რაფინირებული ნახშირწყლები აყენებს. ეს არის ხელოვნურად მიღებული შაქარი და სახამებელი, რომელსაც შეიცავს პური, ჩიპსები, თეთრი ბრინჯი და სხვა პროდუქტები. კალორიების 50 პროცენტი მკვლევარების აზრით, სწორედ ნახშირწყლებზე მოდის.

მეცნიერები ასევე ხაზს უსვამენ, რომ დიეტის დროს გადაუმუშავებელი პროდუქტების გამოყენება გაცილებით დაიცავს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე გარკვეული ინგრედიენტებზე და დაბალკალორიულ პროდუქტებზე ჩაციკვლა.

ხორცის გარდა, სამედიცინო საზოგადოება რძის სარგებლობაზეც კამათობს. კანადელი მეცნიერების დიეტაში იმაზე მეტი რძის პროდუქტია, ვიდრე ჩვეულებრივ, დიეტოლოგების რეკომენდაციებში.

Times-ის ინფორმაციით, ბრიტანელი ექიმები აღნიშნულ კვლევას განსხვავებულად აფასებენ. ჯერემი პირსონი, British Heart Foundation-ის სამედიცინო დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ხორცი და რძე მართლაც ქმნის ჯანმრთელ და დაბალანსებულ დიეტას, თუმცა ზომიერების ფარგლებში.

ლუი ლევი- ინგლისის ჯანდაცვის საზოგადოების სამსახურის კვების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, რძის პროდუქტების ოდენობა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული დიეტების დროს, რადგან მათი დიდი რაოდენობით მიღება ცხიმის დაგროვებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს.

Facebook Comments
თეგები