სემ პატენი „ნაცმოძრაობის” კონსულტანტი იყო, შემდეგ კი – თავისუფალი დემოკრატების

„თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ამერიკელი ლობისტი სემ პატენი 2012 წელს პარტია “თავისუფალ დემოკრატებთან” კონსულტანტად მუშაობდა ამის შესახებ გოგუაძემ “რუსთავი 2”-თან განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, სემ პატენი ივანიშვილთან 2012 წელს არ მუშაობდა, ჰქონდა თუ არა 2012 წლის მერე რამე კავშირი ივანიშვილთან, ეს ნინო გოგუაძემ არ იცის.

“სემ პატენი იყო ჩვენი კონსულტანტი, იგი ზუსტად სოციოლოგიურ კვლევებზე და მოსახლეობის სოციალურ გამოკვლევებში გვეხმარებოდა. ჩვენამდე სემ პატენი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტი, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა სხვა ლობისტური კომპანია დაქირავებული 2012 წელს სემ პატენი არ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან. 2012 წლის მერე თუ ჰქონდა რაიმე კავშირი სემ პატენთან ბიძინა ივანიშვილს არ ვიცი. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ სემ პატენი გვეხმარებოდა, როგორც კონსულტანტი“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში ამერიკელი ლობისტის სემ პატენის მესიჯი წაიკითხა და ის შანტაჟში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს, რა ტიპის კავშირი ჰქონდა პატენთან თავად მას, თუმცა ბევრი ილაპარაკა ლობისტისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე და მას პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი. სემ პატენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სემ პატენს ლობისტური საქმიანობისთვის თვეში 20 ათას დოლარს უხდიდა, დამატებით 10 ათას დოლარს კი ლონდონში დაფუძნებული კომპანიისგან იღებდა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მუშაობისთვის.

Facebook Comments

ახალი დადებული