,,იმდენად აბსურდული საკითხები წამოწიეთ, არ ვიცი ამ საკითხებზე ღირს თუ არა მსჯელობა”

პარლამენტის წევრის კომპეტენცია არ არის სოსო თოფურიძის სტილში ხალხის დაზაფვრა და ამ ფორმით რევანშის წყურვილი, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ოთარ კახიძეს.

ოთარ კახიძემ კომისიის სხდომაზე შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმის გამო, სამსახური უნდა დატოვონ.

ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის ეს ნაწილი პოლიტიკური რევანშის მცდელობაა.

„ბატონო ოთარ, რაც ახლა წაიკითხეთ, ამ თავისთვის მარტივად შეგეძლოთ პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი გეწოდებინათ. იმდენად აბსურდული საკითხები წამოწიეთ, არ ვიცი ამ საკითხებზე ღირს თუ არა მსჯელობა . ვფიქრობდი, მეტი სამართლებრივი საკითხებით იქნებოდა გაჯერებული დასკვნის აღნიშნული ნაწილი. თუ არ ვცდები, სოსო თოფურიძე ატარებდა ასეთ დამზაფრავ ბრიფინგებს, რომ ხალხი დაეშინებინათ. რაც ახლა წაიკითხა ოთარ კახიძემ,  ერთი ერთში ეს შთაბეჭდილება შემექმნა . ბატონო ოთარ, პარლამენტის წევრები ვართ, პარლამენტის წევრი ბრძანდებით, არა მგონია, პარლამენტის წევრის კომპეტენცია იყოს ამ ფორმით, ამ სტილში წყურვილი რაღაც რევანშის, ხალხის დაზაფვრის და ა.შ. გააცნობიერეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ თქვენ ამისი კომპეტენცია არ გაქვთ და შესაბამისად, ამ თავს შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა კახიძეს. 

მისი თქმით, დასკვნის აღნიშნული ნაწილი  სამართლებრივი საკითხებისგან აბსოლუტურად დაცლილია.

„ჯერ ერთი, რომ მესამე თავში ვისაუბრეთ დარღვევებზე. აქ კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე საუბრობთ, გადმოიტანეთ ხოლმე და ციტირება მოახდინეთ კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომელ არაჯეროვან და არაეფექტურ კონტროლზეა საუბარი. არაჯეროვანი და არაეფექტური კონტროლი – გამოიყენება ომის დანაშაულზე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე და გენოციდზე, ამის ციტირება სწორად მაინც მოახდინეთ. ისიც ვერ გაგირკვევიათ, რა სამართლებრივი კონცეფცია რა საკითხში უნდა გამოიყენოთ.  მეორეც, მაინტერესებს, ცინცაბაძის შემთხვევა რომ მოიყვანეთ, ხომ არ შეგვახსენებთ რომელი წლის საქმეა და რატომ არ არის წელი მითითებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენი დროის კი არ არის, იმ არაეფექტური და ასეთი ბრიფინგებით ჩატარებული გამოძიებული საქმეების დროინდელია, როდესაც მსგავსი საქმეები ამ ფორმით და ამ მტკიცებულებითი სტანდარტით გამოიძიებოდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ სტილის ბრიფინგებით ხდებოდა ხალხის პასუხისგებაში მიცემა.

„ჯერ იჭერდნენ, მერე ხდებოდა დანაშაულის აღიარება და დაბრალება რომ ეღიარებინა, მანამდეკი, სახლის ან სხვა რამის გადაფორმება და მერე საპროცესო შეთანხმების გაფორმება. შედეგად ციხეები გადავსებული იყო. აი ეს არის თავი, რაც ახლა წარმოადგინა, დაცლილი ყოველგვარი სამართლებრივი მსჯელობისგან და გამოვლინება იმისა, რასაც თოფურიძე აკეთებდა თავისი პრესკონფერენციებით, ხალხი რომ დაზაფრულიყო. იმის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რომ ყველას დაგიჭერთ და ყველანი ციხეში. ეს არის ამის გამოვლინება, სხვა არაფერი“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დასკვნის ამ ნაწილში სამართლებრივი არგუმენტები და სამართლებრივი მსჯელობა არ არის.

ოთარ კახიძე შსს-სა და პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, რამდენიმე პასუხისმგებელმა პირმა სამსახური დატოვოს.

Facebook Comments

ახალი დადებული