პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა, ხორავას ქუჩის მკვლელობის გამო, დატოვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძე თანამდებობა დატოვა. როგორც ბარაბაძე ამბობს ამის მიზეზი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეა. როგორც ხათუნა ბარაბაძემ “ქრონიკასთან” სატელეფონო საუბარში თქვა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სკოლის სამეურვეო საბჭოს 3 თებერვალს მიმართა.

“თუმცა სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ეტაპისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე და სასწავლო პროცესი მიმეყვანა ბოლომდე. რა თქმა უნდა, მე კანონმდებლობა არ მავალდებულებდა თანამდებობის დატოვებას, მაგრამ მე მორალურად პასუხისმგებლობას ვგრძნობდი”, – თქვა ხათუნა ბარაბაძემ.

სკოლის ყოფილი დირექტორი დასძენს, რომ ის საქმიანობას მასწავლებლის რანგში გააგრძელებს და ტრენერთა სკოლის კონსულტანტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

1tv-ს ცნობით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის მოვალეობას ხათუნა ბარაბაძის მოადგილე ქეთევან მიქანაძე ასრულებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: