ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული