კობახიძე: ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა არ სჭირდებათ

პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და პრეზიდენტის შენახვა გადასახადების გადამხდელის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მისი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვა არ უნდა სჭირდებოდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, უქმდება ძველი რეგლამენტი და ვიღებთ პარლამენტის ახალ რეგლამენტს, სადაც ერთ-ერთი საკითხი არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის უსაფრთხოების საკითხი. იქ გამოვედი ინიციატივით, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა არ უნდა სჭირდებოდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. არავისთვის არ არის საჭირო, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც ემსახურებოდეს დაცვა. ეს არის თანხების ფუჭი ყრა, ნამდვილად არ გვაქვს წყალში გადასაყრელი თანხები. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, საუბარია გადასახადის გადამხდელის თანხებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რეგლამენტის პროექტზე საუბრისას, დისკუსია გაგრძელდა პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი უქმდება და პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება.

7 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა „სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებები  განმარტა.

კანონპროექტი განსახილველად მთავრობამ პარლამენტს 5 აგვისტოს წარუდგინა.

სამსახურის განმარტებით, ახალი კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებაა.

Facebook Comments

ახალი დადებული