მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის შედეგების შენახვის ვადა შესაძლოა 1 წლამდე გაიზარდოს

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადის გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

პროექტის თანახმად, თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა იგეგმება. ასევე, სავარაუდოდ დაინერგება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპიც.

„ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ემატება მეორე ეტაპი (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში). შესაბამისად, დადგინდება აღნიშნული ეტაპის საფასური, ასევე ცვლილება შეეხება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადასაც და იგი 1 თვიდან გაიზრდება 1 წლამდე. ცვლილებების შედეგად ასევე დაიხვეწება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მთელი რიგი მომსახურებები, დაემატება დაჩქარებული მომსახურებები და მომსახურების ახალი სახეები, მათ შორის, მომსახურების დისტანციური არხები,“-აღნიშნულია პროექტში.

ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

2018 წლის 30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი ემატება.

Facebook Comments

ახალი დადებული