როგორ გაიცემა სახელმწიფო კომპენსაცია ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება, – ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განმარტებული.

სოციალური მომსახურების სააგენტო სახელმწიფო კომპანსაციის გაცემის წესს განმარტავს პირებისთვის, რომლებსაც ეკავათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები.

უწყების ცნობით, მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია: განცხადება; უწყების წარდგინება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გარდაცვალების მოწმობა; მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა; მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა; შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპენსაცია გაიცემა დოკუმენტაციისა და განცხადებების გაცნობის დღიდან არაუგვიანეს 15 დღეში.

„კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს”– აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რა შემთხვევაში ენიშნებათ კომპენსაცია  პარლამენტის ყოფილ წევრებს.

Facebook Comments

ახალი დადებული