თბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს

21 სექტემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრემიერი, ქართველი ბანი მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს.

მიხეილ კოლელიშვილი კონსერვატორიის დარბაზში სოლო კონცერტს საყვარელ მაესტროს, საქართველოს სახალხო არტისტ თამაზ ლაფერაშვილის ხსოვნას მიუძღვნის. საფორტეპიანო პარტიას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კონცერტმეისტერი ვიქტორია ჩაპლინსკაია შეასრულებს, რომელთანაც ქართველ ბანს მრავალი საოპერო პარტია აქვს მომზადებული.

მიხეილ კოლელიშვილი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ქართველმა ბანმა 2001 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშივე გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი, სადაც შეასრულა ბანის ყველა წამყვანი პარტია.

მიხეილ კოლელიშვილი 2002 წლიდან მარიას თეატრის ახალგაზრდა მომღერლების აკადემიის სოლისტი გახდა, 2009 წლიდან კი მარიას თეატრის საოპერო დასის წამყვანი სოლისტია.

ქართელი ბანი წარმატებით გამოდის ევროპისა და ამერიკის ყველა მნიშვნელოვანი საოპერო თეატრის სცენებზე. 21 სექტემბერს საყვარელი მაესტროს ხსოვნისადმი მიძღვნილ სოლო კონცერტში იგი ქართველი, დასავლეთევროპელი და რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს იმღერებს.

Facebook Comments

ახალი დადებული