სუსის მიერ დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ზუგდიდის კორუფციული საქმის ფიგურანტია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით.

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება,”- წერია სუსის განცხადებაში.

“ქრონიკის” ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია. ხასაია გამოძიების ფარგლებში იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია მისი მეუღლეც.

15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკველიაც გამოკითხეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, ორი დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: