მეცნიერება

TIME: ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი უცხო ენას უკეთესად ითვისებს

ვისაც ახალი ენის სწავლა უნდა, ზოგჯერ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ენის სრულყოფილ შესწავლას ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა TIME წერს.

გამოცემა წერს, რომ ეს დასკვნა ლოგიკურია, რადგან როგორც ცნობილია, ლუდი ან ერთი ჭიქა ღვინო ამცირებს ნერვიულობას, ხსნის დაძაბულობას, თუმცა ამასთან ისიც ცნობილია, რომ ალკოჰოლი აფერხებს მოტორულ და კოგნიტურ ფუნქციებს, აქვეითებს მეხსიერებას, ფანტავს ყურადღებას და ზრდის თვითშეფასებას.

მართლა უკეთესად იწყებენ ადამიანები სიმთვრალეში უცხო ენაზე ლაპარაკს თუ უბრალოდ, კომპლექსებისგან თავისუფლდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბრიტანელმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანები მცირე დოზით ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მართლაც უკეთესად იწყებდნენ უცხო ენაზე საუბარს. მაშინაც კი, თუ იმ მომენტში თვითშეფასება მომატებული არ ჰქონდათ.

კვლევა ჩატარდა გერმანულენოვან 50 ადამიანზე, რომლებიც მაასტრიხტის უნივერსიტეტში სწავლობენ. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ ჰოლანდიურ ენაზე გამოცდა უკეთესად ჩააბარეს, როცა მცირე დოზით მიიღეს ალკოჰოლი.

ექსპერიმენტი გულისხმობდა 2 წუთიან გასაუბრებას. მანამდე, სტუდენტების ერთ ჯგუფს მისცეს წყალი, მეორეს კი-ალკოჰოლი (1 ჭიქა ლუდი). გასაუბრება ჩაიწერა და შეფასდა ორი ჰოლანდიელი ლექტორის მიერ, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ინტერვიუერებს ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული. ექსპერიმენტის მონაწილეებს ასევე, სთხოვეს, შეეფასებინათ საკუთარი თავი. ყველა მათგანს თვითშეფასება ერთნაირი ჰქონდა, ანუ ალკოჰოლს ამ მაჩვენებელზე გავლენა არ მოუხდენია.

ჰოლანდიელმა ლექტორებმა გაცილებით უკეთესი ნიშნები დაუწერეს შეზარხოშებულ სტუდენტებს, ვინაიდან მათი გამოთქმა და ზოგადი საუბარი ჰოლანდიურ ენაზე გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ფხიზლებისა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გრამატიკა, არგუმენტაცია და სიტყვების მარაგი ყველას ერთნაირი ჰქონდა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ალკოჰოლის დოზა 1 ჭიქაზე მეტი იქნებოდა, დიდი ალბათობით, შედეგები გაუარესდებოდა.

 

Facebook Comments