სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბი გახსნა. პრესკონფერენციის დროს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო.

“რუსეთთან ჩემი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება ჩემი ცხოვრების მრწამსი და ოცნებაა. მისი დამოუკიდებლობის დაცვა რუსეთისგან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო.

2008 წელს რუსეთმა დაარღვია ყველა შეთანხმება სადაც აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასდროს შეჭრილა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ვამბობ რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა დაუშვა დიდი შეცდომა და ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (2004-2005 წლები) სალომე ზურაბიშვილის მთავარ დამსახურებად ბევრი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაში მის წვლილს ასახელებს. ამ მოლაპარაკებებს რუსეთთან სწორედ ზურაბიშვილი აწარმოებდა. ამის მიუხედავად, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისთანავე, 2008 წლის აგვისტოს ომზე განცხადების გამო, ზურაბიშვილი პრორუსულ შეხედულებებში დაადანაშაულეს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხოდ მან თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწყო. თუმცა, საქართველო წამოეგო რუსულ პროვოკაციას, რამაც კონფლიქტის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული