მოსკოვში ბადრი შენგელიას მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მკვლელები, რომლებმაც სანქტ-პეტერბურგთან ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია ჩაცხრილეს, თეთრი ფერის Gelandewagen-ის ჯიპიდან ისროდნენ,რომელსაც ფინური ნომრები ჰქონდა. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ექსპერტების დასკვნით, სროლა განხორციელდა კალაშნიკოვით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილიდან, თუმცა დიდი სიზუსტით, რაც ქილერის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. ბადრი შენგელიას მერსედესს, S500-ს 10 ნატყვიარი აქვს.

მედიის ინფორმაციით, 53 წლის შენგელია სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც რამდენიმე გახმაურებული პროცესის მოწმე. მას ყოველთვის თან დაჰყვებოდა მიკროავტობუსი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებით. თუმცა 10 სექტემბერს შენგელიას დაცვა მოუხსნეს, რადგან ამის საჭიროება აღარ არსებობდა, ზუსტად ერთ კვირაში კი, 17 სექტემბერს ის საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

„მკვლელობის ძირითადი ვერსიები არ შეცვლილა: ისინი დაკავშირებულია ჩვენებებთან, რომლებსაც ბადრი შენგელია რეზონანსულ საქმეებზე აძლევდა,- აცხადებს წყარო სამართალდამცველი სტრუქტურიდან -ახლა გამოძიება სწავლობს მასალებს სისხლის სამართლის საქმეებზე, მოსკოვში გაიგზავნა ცალკე საგამოძიებო დავალება გამოძიებაში არსებული მასალების შესახებ“.

ქართველი ბიზნესმენი ცნობილი იყო როგორც პროფესიონალი მოწმე- ის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებოდა ხოლმე, რათა სერიოზული ინფორმაციები მოესმინა და სამართალდამცავებისთვის შეეტყობინებინა. სწორედ მისი ჩვენებების საფუძველზე მოხდა ვლადიმერ ბარსუკოვის (კუმარინის) დაკავება და შემდგომში მისი უკანონო საქმიანობის შესახებ მტკიცებულებების შეგროვება. ანალოგიური ისტორია მოხდა მოსკოვშიც: შენგელიას ჩვენებებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იუსტიციის პოლკოვნიკის, მიხაილ მაქსიმენკოსთვის მეორე ბრალის წაყენების დროს. მედიის ცნობით, შენგელიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაცილებით დამაჯერებელი იყო, ვიდრე ზაქრო კალაშოვისგან აღებული ქრთამი.

პეტერბურგელი ჟურნალისტი ევგენი ვიშენკოვი 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ მასალაში ამტკიცებს, რომ შენგელია ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მოწმის ახალი როლისთვის ემზადებოდა: „ ორი კვირის წინ კი, მან მე საინტერესო მასალა შემპირდა. კონკრეტულად, მითხრა, რომ აპირებს ერთი თვის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი გავლენიანი პირისთვის დიდი ოდენობით ქრთამის გადაცემას გულისხმობს. გასაგებია, რომ ფულის გადაცემის შემდეგ საქმეში ოპერატიული მუშაკები ჩაერთვებოდნენ და დაიწყებოდა ახალი ისტორია. კიდევ, მან მითხრა, რომ ფულს მსხვილი უძრავი ქონებისთვის მიიტანდა. მე უნდა ვყოფილიყავი პირველი, ვინც ამას გააშუქებდა, და მომენტს ველოდი. თუმცა ოპერაცია ვეღარ შედგება, ვულოცავ იმ ტოპ-მენეჯერს, ვისთვისაც ფულის დანომვრა იყო გადაწყვეტილი. “

ჯერჯერობით ოფიციალური პირები გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული