ვაშაძე კანაფის კულტივაციის კონსტიტუციით ასაკრძალად ხელმოწერებს აგროვებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარიხუანის კულტივაცია/ექსპორტის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა განცხადება ოპერის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამ რაოდენობით ხელმოწერების შეგროვებას ძალიან მალე შეძლებს.

„კატეგორიულად მოვითხოვთ ორ რამეს: პირველი – კანონპროექტი უპირობოდ იქნეს გატანილი პარლამენტიდან. უპირობოდ, შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი ამ თემაზე და დავიწყებას მიეცეს ეს „ინიციატივა“,  რომელიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის და ჩვენი ახალგაზრდობის განადგურებაზე არის გათვლილი. მეორე – აუცილებლად შესატანია კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ. ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ.

Facebook Comments

ახალი დადებული