ლილოში ერთ-ერთმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა

ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ერთ-ერთმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა.

ის ამ დროისთვის შენობის სახურავზეა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს. პროტესტის მიზეზი ფინანსთა სამინისტროსთან გამართული მოლაპარაკების შედეგია. დაშავებული მძღოლი ამბობს, რომ ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის იანვრამდე გადავადება არასაკმარისია და ამ ვადაში საბანკო ვალდებულებების დაფარვას ვერ შეძლებს.

მას ასევე ბენზინით სავსე ბოთლი უჭირავს და თავის დაწვით იმუქრება. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები.

19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

შეხვედრამდე ხორბლის და მარცვლეულის სახმელეთო გადაზიდვების შეჩერების გადაწყვეტილების გამო, მძღოლებმა აქცია გამართეს და შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერმინალის ტერიტორია გადაკეტეს.

Facebook Comments

ახალი დადებული