სალომე ზურაბიშვილი სერგეი ლავროვზე 2005 წელს- ელემენტარული ზრდილობა არ ეყო

სალომე ზურაბიშვილის ხმაურიანი განცხადებების გამო, ვნებათაღელვა არ წყდება. თუმცა შთაბეჭდილება რჩება , რომ  პრეზიდენტობის  კანდიდატს დიდად არ აღელვებს მის წინააღმდეგ ოპოზიციის ჩვეული მეთოდის გამოყენება, ოპონენტის რუსეთის აგენტად შერაცხვა. სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იქნება.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაა წლების წინ მისი პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის ყველაზე ძლიერი დიპლომატი, რომელიც დაამახსოვრდა. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ ასეთი დიპლომატი ლავროვია.

„ინფო ფოსტალიონმა“ მოიძია პრესაში გამოქვეყნებული მასალები ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების, სალომე ზურაბიშვილისა და სერგეი ლავროვის ურთიერთობებზე და საინტერესო ფაქტებს მიაგნო. როგორც ირკვევა, თავის დროზე, ზურაბიშვილი ლავროვის მიმართ აღფრთოვანებას სულაც არ გამოხატავდა, პირიქით, მას ზრდილობასა და აღზრდას უწუნებდა.

საქმე ეხება 2005 წელს საქართველოში ლავროვის ვიზიტს, რომელიც სკანდალით დაიწყო. ლავროვმა  უარი განაცხადა ფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების საფლავის მონახულებაზე.

როგორც რუსული  გაზეთი „კომერსანტი“ წერს, ლავროვი საქართველოდან ერევანში გაემგზავრა, სალომე ზურაბიშვილმა კი, სპეციალური ბრიფინგი მოიწვია და სკანდალის შესახებ განცხადება გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, ერევანში, სადაც სერგეი ლავროვი იმყოფება, ალბათ მოინახულებს გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს. მაგრამ საქართველოში ანალოგიური ნაბიჯისთვის მას ელემენტარული ზრდილობა არ ეყო“,- განაცხადა მან.

„კომერსანტის“ ცნობით, ბრიფინგის შემდეგ ქართველმა ვეტერანებმა რუსეთის საელჩოსთან აქცია მოაწყეს და გვირგვინი მიიტანეს წარწერით-„ვიზიარებთ რუსული დიპლომატიის გარდაცვალებას“. საქართველოს საგარეო უწყებამ კი, ლავროვის ვიზიტის დონე ოფიციალურიდან სამუშაომდე დაადაბლა.

გამოცემა წერს, რომ სერგეი ლავროვმა საყვედური გამოთქვა სალომე ზურაბიშვილის საქციელის გამო, რომელმაც აღნიშნული ფაქტი გაახმაურა.

„როგორ წესი, ვიზიტის პროგრამა შეთანხმებულია სამუშაოს ფარგლებში და დეტალები დახურული კონსულტაციების თემაა“,-განაცხადა მან, თუმცა თავის გადაწყვეტილებაზე უკან არ დაიხია და განაცხადა, რომ მემორიალის მონახულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ხელს არ შეუწყობდა. „იმედი მაქვს, რომ ეს ეპიზოდი არ შექმნის ხელოვნურ პრობლემებს თბილიში ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის“,-განაცხადა ლავროვმა.

2005 წლის გამოცემა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თემასაც ეხებოდა და წერდა, რომ მოსკოვი ბაზების გაყვანას 11 წლის გამნავლობაში აპირებს, თუმცა თბილისი ითხოვს რომ პროცესი 3 წელიწადში დამთავრდეს.

„არ არსაებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსკოვი და თბილისი საერთოდ მოილაპარაკებენ რამეზე“-წერდა „კომერსანტი“.

Facebook Comments

ახალი დადებული