თბილისში ღამის ავტობუსი ამუშავდა

დღეს გვიან ღამით 00:00 საათიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვარკეთილის მიმართულებით №222 ავტობუსი დაიძრა. ცნობილია, რომ ღამის ავტობუსი  „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა. ის ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმუშავებს.

„პროექტი საპილოტეა, თუმცა სამი თვის შემდეგ, თუ ის გაამართლებს, სხვა რეისებსაც აუცილებლად დავამატებთ. ღამის ავტობუსი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი იქნება არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ღამის საათებში მუშაობა და ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებით გადაადგილება უწევთ“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის განმარტებით, №222 ავტობუსის მარშრუტი ღამის საათებში ქალაქის ყველაზე აქტიურ ლოკაციებს მოიცავს.

ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ ვახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. ამის შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ – თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე – „კონკასთან“. ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტრო „ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს.

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

ღამის ავტობუსს შემდეგი გაჩერებები ექნება:

⦁ მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;
⦁ ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);
⦁ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
⦁ ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
⦁ სტადიონი „დინამო არენა“;
⦁ დავით აღმაშენებლის გამზირი #106;
⦁ პირველი რესპუბლიკის მოედანი;
⦁ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;
⦁ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;
⦁ ევროპის მოედანი;
⦁ ვახტანგ გორგასალის ქ. #7 – აბანოებთან;
⦁ დოდაშვილის მოედანი;
⦁ მეტროსადგური „ისანი“;
⦁ მეტროსადგური „ვარკეთილი“.

Facebook Comments

ახალი დადებული