როგორ დგინდება მამობა და რა უფლებები აქვს არასრულწლოვან შვილს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისს ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად, ნებისმიერ  ბავშვს უფლება აქვს, ფლობდეს ინფორმაციას მისი მშობლების შესახებ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია, რაც არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს ძალიან აზიანებს. ამ საკითხზე სამართლებრივ პროცესებს საადვოკატო ბიურო myadvokat.ge-ი განმარტავს.

როგორც იურისტი განმარტავს, მოცემულ შემთხვევაში გამოსავალი სავარაუდო ბიოლოგიური მამის მიმართ სასამართლოში სარჩელის შეტანაა.

ადვოკატის თქმით, სარჩელი, ფაქტობრივი და სამართლებრივი კუთხით, საფუძვლიანი და დასაბუთებული უნდა იყოს და თან უნდა ერთვოდეს იმ სახის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს პირის ბიოლოგიური მამობის ფაქტს.

მსგავსი სახის დავებში არსებითი სახის მტკიცებულებას წარმოადგენს ე.წ. დნმ-ის ანალიზი, რომლითაც კონკრეტული პირის მამობის ფაქტის დადგენაა შესაძლებელი. ზოგ შემთხვევაში მამობის დადგენას მხარეები ცდილობენ მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა, ამ კატეგორიის დავებში უმთავრესი მტკიცებულების სახეს მაინც ე.წ. დნმ-ის ანალიზი წარმოადნეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბიოლოგიური მამა არ დაეთანხმება მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნას და უარს განაცხადებს ანალიზის ჩატარებაზე, სასამართლო მოსარჩელის (დედის) შუამდგომლობის საფუძველზე ნიშნავს ექსპერტიზას მამობის დადგენის მიზნით, ხოლო ექსპერტიზის ხარჯებს აკისრებს მოპასუხე მხარეს.

მამობის დადგენა არსებითია შემდგომში ბავშვის მშობლების მიმართ უფლება-მოვალეობების განსაზღვრის კუთხით. თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევა ცვლილება და მამის მონაცემები მიეთითება, არასრულწლოვანს ბიოლოგიური მამის მიმართ წარმოეშვება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უფლებები და მოვალეობები.

თავის მხრივ, მამობის დადგენის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დაბადების სააქტო ჩანაწერში ასახული ცვლილება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ არასრულწლოვნის მშობელმა, ვისთანაც ცხოვრობს ბავშვი, მიმართოს სასამართლოს და ბიოლოგიური მამისთვის მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება.

იურისტის განმარტებით, სანამ მამობა ოფიციალურად არ დადგინდება, არასრულწლოვანი მამისგან მემკვიდრეობის მიღების უფლებით ვერ სარგებლობს.

ამასთან, ცნობილია, რომ ალიმენტის კონკრეტული ოდენობა განსაზღვრული არ არის, შესაბამისად მისი განსაზღვრა დამოკიდებულია სასამართლოს შეფასებაზე.

საადვოკატო ბიუროს იურისტები განმარტავენ, რომ ალიმენტის დანიშვნის ეტაპზე თანხის დაკისრებას განაპირობებს გარკვეული სახის გარემოებები როგორიცაა, მოსარჩელისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებები, მხარეთა ოჯახური მდგომარეობა.

გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც ერთი მხრივ, ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, მეორე მხრივ კი, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ალიმენტი-სარჩო.

Facebook Comments

ახალი დადებული