ხულოში ეკლესიების გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხისა და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტიც გახსნა. სამართალდამცველებმა დაკავებულს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული