გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო კამპანიაში რუსები ეხმარებიან

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარტექნოლოგები ეხმარებიან. ერთ-ერთი მათგანია ვიტალი შკლიაროვი, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ავრცელებს ფოტოებს ვაშაძის საარჩევნო შეხვედრებიდან და ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ მის გუნდთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.

პროდასავლური იმიჯს ამოფარებული გრიგოლ ვაშაძის პიარ-დამხმარეებზე საუბრობს პოლიტიკის ექსპერტი გულბაათ რცხილაძე გამოცემა “მედიაპრესთან” ინტერვიუში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ნაციონალების“ რუსულ კავშირებზე არაერთი ფაქტი არსებობს და ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ის, რაც ხდება საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პირდაპირ საფრთხის შემცველია საქართველოსათვის. გარე ძალებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირ ჩაერიონ საარჩევნო პროცესში. საქართველოს „სტრატეგიულ პარტნიორად“ მიჩნეული ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდი გულდასმით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთის მხრიდან ამერიკულ არჩევნებზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტებს, ამ ფაქტებში მონაწილე პირებს, გამოყენებულ მეთოდებსა და ხერხებს. ალბათ უპრიანია, ამერიკელებს იმაში მივბაძოთ, რაც მისაბაძია – ამ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ ამერიკული გამოცდილება საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით. ამ სუვერენიტეტს კი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში რუსი ე. წ. პოლიტტექნოლოგების მონაწილეობა უქმნის საფრთხეს.

დღესდღეობით ამერიკაში ან, გნებავთ, ევროპაში, წარმოუდგენელია, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ დასახმარებლად უხმოს რუს პროპაგანდისტებს, ე. წ. „პიარშიკებს“ თუ „პოლიტტექნოლოგებს„. შესაძლოა, რამდენიმე წლის წინ ამაში რაიმე ცუდი არავის დაენახა, მაგრამ ახლა უკვე სხვა დროა. „ნაციონალური მოძრაობა„ თავის „პროდასავლურობას“ იფიცება და წყევლა-კრულვას უგზავნის რუსეთს, ამ დროს კი… რუსეთიდან უხმობს ამ პროპაგანდისტ-პოლიტტექნოლოგებს!

საუბარი მაქვს ორ პირზე – მაქსიმ კაცსა და ვიტალი შკლიაროვზე. ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა დახმარება აღმოუჩინონ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ბალერინა ნინა ანანიაშვილის ქმარს, საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც რუსული პასპორტი დიდი „ჭიდაობის“ მერე ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, მაქსიმ კაცი, იუწყება სოციალურ ქსელში „ვ კონტაქტე“, საკუთარ გვერდზე. იგი წერს:

„აქ ვიტალი შკლიაროვი მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე და კონსულტაციების გასაწევად მე დამიძახა. ვიტალისთან საინტერესოა მუშაობა, თავის დროზე სპეციალურად გავემგზავრე მასთან ერთად სიეტლში, რათა მესწავლა, როგორ მუშაობს ბერნი სანდერსის კამპანია. მოსკოვსა და მთლიანად რუსეთში ამჟამად არ წარმოებს საარჩევნო კამპანია, საქართველოში კი დიდი ხანია, მინდოდა წასვლა, ამიტომ დავთანხმდი. ამჟამად თბილისში ვარ, ოქტომბრამდე ხშირად ვიქნები აქ. თუკი საქართველოში მკითხველები მყავს, მომწერეთ „ტელეგრამზე“ მოხარული ვიქნები, შეგხვდეთ და ვისაუბროთ“.

33 წლის მაქსიმ კაცის მიერ ნახსნები 42 წლის ვიტალი შკლიაროვი, დიდი ხანია, მართლაც მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში. იგი მეორეხარისხოვან ამერიკელი პოლიტიკოსების ერთ ნაწილთან მართლაც თანამშრომლობდა. ასე შეიქმნა რუსული სპეცსამსახურების ლეგენდა „პროდასავლურ“ შკლიაროვზე. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რამდენი აგენტის ჩანერგვა მოახერხა რუსეთმა ამერიკაში. შკლიაროვიც მოხერხებულად იყენებს ამ ნიღაბს და მშობლიურმა სპეცსამსახურებმა მას ახლა საქართველოსკენ უხმეს. 3 აგვისტოს მან ინტერვიუც მისცა რუსულ-ებრაულ ტელეარხ „RTVI“-ს, სადაც დაიქადნა, რომ იგი „ბეჭებზე დადებს ივანიშვილის ფენომენს“. სამწუხაროდ, რუსეთში არიან გავლენიანი ძალები, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ და, საქართველოსგან მტრის ხატის შესაქმნელად, ისევ სააკაშვილზე დებენ ფსონს. ამ ძალების გამოაშკარავებას მომავალში შევეცდები, მაგრამ ახლა ამ ორ „პოლიტტექნოლოგს“ დავუბრუნდეთ, ვინაიდან სწორედ მათგან მომდინარეობს საფრთხე მომავალ არჩევნებზე.

მაქსიმ კაცს სოციალურ ქსელ „V KONTAKTE“, -ში მისი შეტყობინების ქვეშ, კომენტარს უწერს ანონიმი მომხმარებელი, ილარიონ კრეცის (Illarion Krets) ფსევდონიმით. ეს ანონიმი არ ჩანს მოუმზადებელი, შემთხვევითი პირი, არამედ ისიც „პოლიტტექნოლოგთა“ კატეგორიას განეკუთვნება. აი რას წერს იგი:

„თბილისში შესაძლებელია ვითარების გვარიანად არევა მრავალი ადგილობრივი მცხოვრებისთვის დამახასიათებელი დოგმატიზმის, სიბნელისა და ნაციონალიზმის გამო. იქნებ მაქსიმ კაცმა მაინც აღიქვას, თუ რას წარმოადგენს საქართველო, თორემ ბევრი პუტინისტი და ანტიპუტინისტი, გნებავთ რუსეთში, გნებავთ ამერიკასა ან უკრაინაში, ვერ უგებენ საქართველოს, ვერ აღიქვამენ მას“.

წყარო: marshalpress

Facebook Comments

ახალი დადებული