სუსმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ამის შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე თქვეს.

სუსის განცხადებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, საერთო ჯამში, შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით)”, – აცხადებენ სუსში.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Facebook Comments

ახალი დადებული