გია ჯოხთაბერიძემ და მანანა შევარდნაძემ თბილისში სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნეს

კომპანია „მაგთის “ დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ მეუღლესთან, მანანა შევარდნაძესთან ერთად თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნა.

მუზეუმში თავმოყრილია ბოლო 80 წლის მანძილზე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარი,  რომლებსაც წლების მანძილზე ჯოხთაბერიძეების ოჯახი პირად კოლექციაში აგროვებდა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრები, პოლიტიკოსები, აგრეთვე უცხოეთიდან ჩამოსული გალერისტები ესწრებოდნენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის თმით, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის დედაქალაქის მერი ინატრებდა თავის ქალაქში ასეთი მნიშვნელობის მუზეუმს.

„ექვსი წელი ველოდებოდით ამას, თუმცა ასეთი სასიამოვნო სივრცე ნამდვილად ღირდა ლოდინად“,-განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მუზეუმის დამაარსებელმა, გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა, მუზეუმში გამოფენილია ბევრი ისეთი ქართველი მხატვრის ნამუშევარი, რომლებსაც სახელმწიფოსგან ადრე დაფასება არ ჰქონდა.

„წუხელ არ მიძინია მთელი ღამე, მთავარი ის არის, რომ შთამომავლობას შეუნარჩუნდება ის ნამუშევრები, რაც ბოლო 70 წლის მანძილზეა შექმნილი. ადრე კომუნისტებთან დაახლოებული მხატვრები იყვნენ, რომლებსაც წარმოაჩენდნენ, აქ კი ყველაა. ვინც ადრე თითქოს დაჩაგრული იყო, ახლა აღარ არიან დაჩაგრულები“,-განაცხადა კოლექციონერმა.

მუზეუმში, რომელიც სწორედ იმ ადგილას აშენდა, სადაც თავის დროზე მხატვრის სახლი იყო განთავსებული,  შექმნილია „არტ ჰაუსის“ კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, საცურაო აუზს, საუნას, სავარჯიშო დარბაზსა და ბუტიკებს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი 155 მანქანისთვის.

„არტ ჰაუსის“ შემოსავლიდან მიღებული თანხა ისევ მუზეუმის განვითარებას მოხმარდება.

Facebook Comments

ახალი დადებული