ვის აქვს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება

პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების განაწილების საკითხით მოქალაქეები ხშირად ინტერესდებიან. იურისტების განცხადებით, მოქალაქეებს ძირითადად აინტერესებთ, ანიჭებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა პირს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებას, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ანდერძი.

ვებგვერდი myadvokat.ge-ის განმარტებით, ხშირად სავალდებულო წილის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირები არ არიან ინფორმირებულნი ამ უფლების შესახებ, რის გამოც იზღუდება მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა.

მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

იურისტების ცნობით, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მიწვეული იქნებიან სამკვიდროს მისაღებად.

„გასათვალისწინებელია, რომ პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში – იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში. თუ ანდერძით გათვალისწინებული არაა მთელი სამკვიდრო, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს საკმარისი არ იქნება, შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან“, – განმარტავენ იურისტები.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან 10 წელია გასული.

სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში.

იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

ამასთან, შეგიძლიათ გაეცნოთ იურისტების განმარტებას, რა შემთხვევაში აქვს იურიდიული ძალა ანდერძს და რა შემთხვევაში კარგავს მოქალაქე მემკვიდრეობის უფლებას.

Facebook Comments

ახალი დადებული