მათ საკუთარი ძალისხმევით ჰპოვეს სამშობლო

“მე არასოდეს მიფიქრია პოლიტიკოსობაზე არც საფრანგეთში და მითუმეტეს, არც საქართველოში.
მე არ ჩავსულვარ საქართველოში პოლიტიკური კარიერისთვის, თუმც 16 წლის ასაკიდან მოყოლებული ვფიქრობდი, როგორ დავეხმარებოდი საქართველოს, რომელიც ყოველთვის მჯეროდა, რომ თავისუფალი გახდებოდა.
მე მთელი არსებით ვარ ფრანგი და ვარ ქართველი… როცა ორი შვილი გყავს და ერთი ავადაა, რა თქმა უნდა, მეტ ყურადღებას ავადმყოფს უთმობ.”
ამ სიტყვებს სალომე ზურაბიშვილი ფრანგულენოვანი აუდიტორიის წინაშე წარმოთქვამს, იმ ქვეყნის დატოვების ჟამს, სადაც აღიზარდა და რომელმაც მისი ინტერესების დამცველი დიპლომატის რწმუნებულება ანდო.
ამ სიტყვებში არის რაღაც მობოდიშების მაგვარი, რადგან არჩევანი მაინც საქართველოსკენ გადაიხარა.
ეს ეპიზოდი შესულია სალომე ზურაბიშვილის შესახებ 2010 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში “პერპეტუუმ მობილე”.
სწორედ ამ ფილმმა და მისმა სათაურმა გამახსენა ლევან ხაინდრავას ამავე სახელწოდების მოთხრობა – “პერპეტუუმ მობილე”. მოთხრობის ავტორ-პერსონაჟსა და ფილმის პროტაგონისტს შორის საკმაო ანალოგიები დავინახე, ამიტომაც გთავაზობთ ამონარიდებს ჩემი წერილიდან ლევან ხაინდრავას შემოქმედების შესახებ – “კაცი, რომელიც დაჟინებით ეძიებდა სამშობლოს” (ჟურნალი “ცისკარი 1852”, #5, 2016).
შორეული მანჯურიის ქალაქ ხარბინში ახალგაზრდა ქართველი ირლანდიელს გაიცნობს, რომლის “ნაცრისფერი თვალების მიღმა იგრძნობოდა დაძაბული და მტანჯველი ფიქრის ფორიაქი”. ამგვარი ჭმუნვის მიზეზი მისი მშობლიური ქვეყნის მდგომარეობაა, თავგანწირვით რომ ებრძვის ინგლისს დამოუკიდებლობისათვის.
ქართველი გამომწვევ შეკითხვას აძლევს ირლანდიელს:
– “ბატონო ო’კონორ, ირლანდიელები მცირერიცხოვანი ერი ხართ. უკეთესი არ არის მძლავრი იმპერიის მფარველობის ქვეშ იყოთ, ვიდრე დამოუკიდებლობა მოიპოვოთ და რომელიმე სხვა ქვეყნის კერძი გახდეთ?
– გასაოცარია, ჩვენ მაგიერ სხვებმა რატომ უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ბედი, ვისი რა საქმეა, რა არის ჩვენთვის კარგი და რა ცუდი?”.
– “ბრიტანეთის იმპერიის უშიშროება მოითხოვს, რომ ირლანდია მის შემადგენლობაში იყოს, – არ ეშვება ქართველი ირლანდიელს.
– აგრესორები ყოველთვის პოულობენ სათანადო მიზეზს… ხშირად აცხადებენ: ეს ტერიტორია თავდაცვისთვის გვჭირდებაო… ანდა, თქვენს ტერიტორიაზე იმიტომ შემოვიყვანეთ ჯარი, რომ სხვებმა არ დაგიპყრონო”.
მერე ირლანდიელმა ისიც გაუმჟღავნა ქართველს, ინგლისელებისთვის ჩემი გამოგონების შეთავაზებას ვაპირებო. გამოგონება კი, რომელზედაც გულმოდგინედ მუშაობს ო’კონორი, არც მეტი, არც ნაკლები – მარადიული მოქმედების ძრავაა – პერპეტუუმ მობილე.
მეოცნებე ირლანდიელი არად დაგიდევთ მეცნიერ-მექანიკოსთა მსოფლიო კონგრესის დასკვნას – მარადიული ძრავის შექმნა შეუძლებელია. მას ირლანდიის თავისუფლება სწადია და სჯერა: ეს წადილი შეუძლებელს შეაძლებინებს, ინგლისელებიც დათანხმდებიან შეთავაზებას – პერპეტუუმ მობილეში გაუცვლიან ირლანდიის თავისუფლებას. “რა ბედენაა მათთვის პატარა კუნძული, რომელსაც, ლურჯი ცისა და მწვანე მდელოების გარდა, არაფერი გააჩნია?”
სწორედ ეს “ლურჯი ცა” და “მწვანე მდელოებია” ირლანდიელის მარადიული ტრფიალების ობიექტი. მართალია, ეს უფრო პოეტის ფრაზაა, ვიდრე პრაგმატიკოსი პოლიტიკოსისა, ისეთივე პოეტური, როგორიც ჩვენი დიდი ლირიკოსისა: “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული?!” მაგრამ, არსებითად, აქედან იღებს დასაბამს მშობლიური მიწა-წყლის განცდა; ამგვარი გრძნობა უდევს საფუძვლად მამულის მარადიულ, გაუნელებელ სიყვარულს და მაშინ ეგებ ცდებიან სახელგანთქმული მეცნიერნი?! არსებულა, თურმე, ამქვეყნად მარადიული მოქმედების ძრავა – ეს სამშობლოს სიყვარულის ძალაა. სწორედ ესაა ლევან ხაინდრავას მოთხრობის პათოსი, შეიძლება ითქვას, მწერლის აღმოჩენაც: ის, რისი შექმნაც მატერიალურ სამყაროში შეუძლებელია, სულიერ სფეროში ეჭვმიუტანლად არსებობს!
მაშინაც, როცა ეს მოთხრობა დაიწერა და რუსულად გამოქვეყნდა და მერეც, როცა ქართულად ითარგმნა, ქვეტექსტის ამოკითხვაში მცირედ გაწაფული მკითხველიც კი მიხვდებოდა, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლი ირლანდიელი თანამემამულეებს იდეალად დაუსახა ავტორმა, რომელიც, განგების ამოუცნობი ნების წყალობით, შორეული ჩინეთის ქალაქ ხარბინში დაიბადა 1916 წელს.
ლევან ხაინდრავა სამი ათეული წელი გამუდმებით გრძნობდა საკუთარი ფესვების ძახილს, რომელიც დაჟინებით უხმობდა სამშობლოში. მან სამშობლო 31 წლის ასაკში იხილა, 1948 წელს.
სამშობლოს სიყვარული პატიმრობად და გადასახლებად დაუჯდა, თუმც ამან სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ფიქრი გაუასკეცა. უცხოობაში, რუსულ გარემოცვაში, გაზრდილ-დავაჟკაცებული, მართალია, რუსულენოვან, მაგრამ სულითხორცამდე ქართველ მწერლად ჩამოყალიბდა. ჩვენი მწერლობის მარადიული იდეა – საქართველოს დამოუკიდებლობა – ლევან ხაინდრავამ საკუთარ მხატვრულ ქმნილებებში ჩააქსოვა.
ცხოვრება პარადოქსების უწყვეტი ჯაჭვია. ეს ლევან ხაინდრავას შემოქმედების ერთი უმთავრესი თემათაგანია. მეტიც, მისი ცხოვრებაც ამის რეალური დადასტურებაა. არსებობს ფოტო, რომელიც მწერალმა დამწვარი და გადაბუგული “კაგებეს” შენობის წინ გადაიღო, იმ შენობის წინ, რომლის ჯურღმულშიც წელიწადი და რვა თვე ჰყავდათ გამომწყვდეული და მერე შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს გაურკვეველი ვადით. ესეც ერთი დიდი და სასწაულებრივი პარადოქსია – კაცმა, რომელსაც კალმისა და სამშობლოს დაუოკებელი სიყვარულის გარდა სხვა იარაღი არ გააჩნდა, საბოლოოდ მაინც იხილა დამარცხებული მონსტრი.
როგორც ითქვა, მოთხრობის “პერპეტუუმ მობილეს” ავტორის, ლევან ხაინდრავას, და ამავე სახელწოდების ფილმის გმირის, სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიებში ბევრია საერთო, რაც მაგალითად გამოადგება დღეს ასე უსაშველოდ გაზრდილ ემიგრანტთა მომავალ თაობებს:
ერთსაც სამშობლოს მარადიული სიყვარულის ძალა, ერთგვარი პერპეტუუმ მობილე ამოძრავებდა და მეორის ქმედებაც ამითაა გაპირობებული;
ისინი ემიგრანტის ხვედრს არ დამორჩილდნენ და ავადმყოფი ქვეყნის საშველად გამოეშურნენ.
მათ საკუთარი ძალისხმევით ჰპოვეს სამშობლო.
შესანიშნავად თქვა ტარიელ ჭანტურიამ ლევან ხაინდრავას შესახებ: “ის ჩვენზე კარგი მამულიშვილი იყო. ჩვენ სამშობლო გამზადებული დაგვხვდა, მან კი თავად მოიპოვა იგი და პატიოსნად აღასრულა მამის ანდერძი“.

დოკუმენტური ფილმის „პერპეტუუმ მობილეს“ გმირსაც არასოდეს უღალატია წინაპართა ანდერძისათვის. სალომე ზურაბიშვილის წინაპრები იძულებით მოხვდნენ ემიგრაციაში. დედამისიც კი ემიგრაციაში დაიბადა. მამა, მიხელ ზურაბიშვილი, 15 წლის ასაკში იქცა ემიგრანტად. ის ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართველთა სათვისტომოს – თანამემამულეებში ეროვნილ თვითშეგნებას აღვივებდა.
თირქოსდა ვის უნდა მოუბრუნდეს ენა, სამშობლოს ღალატსა და მიტოვებაში დაადანაშაულოს ეს ადამიანები, თუმც ოღონდ სალომე ზურაბიშვილზე აუგი ითქვას და ნაცმოძრაობის ტელევიზია (თავისი კვესიტაძე – გვარამია – გაბუნიებით) „ეშმაკს დაუწყებს ვედრებას“. ასეთიც გამოინახა, პოლიტიკურად გაკოტრებული გვამი ოქრუაშვილი, ნაცმოძრაობის მძვინვარების ჟამს ვითომ სიმართლის თქმა რომ დააპირა ორგზის და ორგზისვე ლაჩრულად სოდსა თუ კუდში დაწერილი ტექსტი წაიკითხა ლუღლუღით. მობოდიშების სანაცვლოდ უფლება მისცეს პარიზისაკენ მოეკურცხლა და იქ გაქსუებულ ჩინოვნიკს ხანგრძლივად ეცხოვრა.
ახლა გამოდის ეს გაკოტრებული ავანტიურისტი და შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო სალომე ზურაბიშვილის მშობლებს (სამშობლო მიატოვესო), არამედ მთელ ქართულ ემიგრაციას, რომელიც რუსულ საბჭოთა ოკუპაციასა და ტერორს ოციან წლებში იძულებით განერიდა. შეურაცხყოფას აყენებს მათ, ვინც სიცოცხლე დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებაში გალიეს. ამაზე იტყვიან, ალბათ, ღმერთსაც კი გაეცინებაო.
რაც შეეხება ღმერთისა და კაცის მოძულე ნაცმოძრაობის ტელევიზიის ამ პრიმიტიული მონოშოუს ავტორებს, ამაოდ ჰგონიათ, რომ გაგვაცურებენ. გარწმუნებთ, ჯერჯერობით არც მეხსიერება დაგვიკარგავს და არც აბსურდსა და სისულელეზე გაცინების უნარი.

ამირან გომართელი

Facebook Comments

ახალი დადებული