Advertisements

საჭიროა საზოგადოებას ახსოვდეს განვლილი 9 წელი, რათა “ნაციონალური მოძრაობა” აღარ დაბრუნდეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

მისი განმარტებით, საჭიროა საზოგადოებას მუდმივად ახსოვდეს განვლილი 9 წელი, რათა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდეს.

“ჩვენ 9 წელი მუდმივად უნდა ვიმეოროთ. 2004-2012 წლებში სააკაშვილი ყველა თავის გამოსვლას იწყებდა ხოლმე შევარდნაძით და ეს ნორმალურიც არის. შედარებაც არ არის აქ მთავარი. 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა კატასტროფა და დღეს გვაქვს კარგი ვითარება. საქმე ეხება ბიზნესს, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, ეკონომიკას. ჩვენ რა თქმა უნდა წინა ხელისუფლებას უნდა შევედაროთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი პროგრამის მინიმუმი იყოს ის, რომ იმათზე უკეთესები ვიყოთ.

მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ “ნაციონალური მოძრაობა”. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ აღარასდროს შეუქმნას საფრთხე ქართულ დემოკრატიას, საზოგადოებას, ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც არის საჭირო იმის შეხსენება, რასაც ვახსენებთ საზოგადოებას”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში მეორე ადგილზე გავა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის,სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ბინძურ კამპანიას აწარმოებენ.

„ვიცით, რომ მეორე ადგილზე გავა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა მეტასტაზით, ფიქტიური თუ ფაქტიური სატელიტით ჩავტოვოთ იმ შედეგში, რაც 2016-17 წლებში მიიღეს, 27%-ს არ უნდა აცდეს. საზოგადოება უნდა მივიდეს არჩევნებზე და კიდევ ერთხელ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებას, რომელიც 2012 წლამდე ხდებოდა და არამარტო 2012 წლამდე. დღეს რაც ხდება, არის აბსოლუტურად ამაზრზენი კამპანია. ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა შესთავაზა თავის ოპონენტებს, რომ ევროპული ტიპის კამპანია წარმართულიყო. დღემდე, თუ აკვირდებით სალომე ზურაბიშვილის კამპანიას, მისი მხრიდან არც ერთი ინციდენტი, პროვოკაცია, შავი პიარი და უბედურება არ ხდება. ამის საპირისპიროდ, ხდება აბსოლუტური ბინძური კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფიქტიური და ფაქტიური სატელიტებით აწარმოებს“, – განაცხადა კობახიძემ.

“ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებული მოვლენებისა და გავრცელებული ჩანაწერების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  უმჯობესია სპორტის ყოფილმა მინისტრმა  და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა მიაწოდონ გამოძიებას ინფორმაცია.

“მე მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მოგონილია ყველაფერი. კეთილი ინებონ ზაზა ოქუაშვილმა და ლევან ყიფიანმა და მივიდნენ პროკურატურაში. თუ ფეხზე მყარად დგანან ეს ადამიანები, მიაწოდონ გამოძიებას ინფორმაცია და გაირკვევა ყველაფერი. ჯერ ამაზე ვისაუბროთ და მერე დანარჩენზე. ორი გაუგებარი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება. ჯერ ის დაამტკიცონ, რომ სერიოზულობის ნიშანწყალი აქვს ამ ყველაფერს და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე. დღეს ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას. ამიტომ იკავებენ თავს ინფორმაციის მიწოდებისგან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული