Advertisements

გია გორელაშვილი: ქარდავამ მოიხსნა ქამარი, ყელზე მომაბა და ძაღლივით მათრია…

გია გორელაშვილი 2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციის თანამშ­რომლებმა სერგო თეთრაძესთან (გადამდგარი პოლკოვნიკი, მზვერავი), დავით ლონდარიძესა (ვიცე-პოლკოვნიკი, დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი) და სერგეი ჩაპლიგინთან (ყოფილი სამხედრო) ერთად დააკავეს. სასამართლომ მათ ბრალი ჯაშუშობაში დასდო. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი თავდაცვის­ სამინისტროსგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს­ გადასცემდნენ. ოთხეულის დაკავება დაემთხვა ლონდარიძისა და ჩაპლიგინის თანაკურსელის, ბელარუსის მოქალაქე ედუარდ ტომაშუკის საქართველოში სტუმრობას. ისიც დააკავეს, თუმცა, ჯაშუშობა ვერ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს.

„2011 წლის 17 სექტემბერს, დილის 6 საათზე, 12-მდე სამხედრო პოლიციელი შემოვარდა და დაიწყეს ბინის ჩხრეკა. რადიომოყვარული ვარ და კორპუსის სახურავზე რადიოსადგური მქონდა, ამის ლიცენზიაც წარვუდგინე. ჩხრეკაზე იყვნენ სამხედრო პოლიციის უფროსი ლევან ზაქრაძე, ზურაბ გოგიჩაიშვილი, ლაშა კვანტალიანი, ირაკლი გრძელიშვილი და სხვები. ჩამიდეს „ფლეშკა”, რომელშიც არც ვიცი, რა იყო ჩაწერილი. მომახსნევინეს სამოყვარულო რადიოსადგური და ჩემს ნაშრომებთან ერთად წაიღეს. წაიღეს ჩემი იარაღის კოლექციაც, მოგვიანებით მის გარდა, არაფერი დაუბრუნებიათ. ინჟინერ-ეკონომისტი ვარ და იმხანად ვმუშაობდი საგარეჯოს საექსპორტო ღვინის ქარხანაში. სამხედრო პოლიციამ საგარეჯოში გაჩხრიკა ჩემი და ჩემი ძმის სახლი და ქარხანა – ადმინისტრაციული კორპუსის ყველა კარი შეამტვრიეს, წაიღეს ჩემი სატელევიზიო აპარატურა, ძველი რადიოების კოლექცია. საგარეჯოდან სულ 150 000 დოლარის ღირებულების მოწყობილობა გაიტანეს, თბილისის ბინიდან 7 000 დოლარის.

 როდესაც ამიყვანეს, ლევან ზაქრაძის კაბინეტში დამხვდნენ მისი მოადგილე მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე, ბაჩო და დათა ახალაიები… ბრალად მიყენებდნენ, თითქოს დათო ლონდარიძემ გადამიბირა, მე კი „ფლეშკა” ვიღაცისთვის კრემლში უნდა გადამეცა.

 მაიძულებდნენ, მეღიარებინა, რომ დაკავებულ პირებს ვიცნობდი… ვუთხარი, ამ ხალხის სურათები მაინც მაჩვენეთ, იქნებ ვიცნო-მეთქი. მეგის ქარდავამ რამდენჯერმე მთელი ძალით შემომარტყა კეფაში. შემდეგ მოიხსნა ქამარი, ყელზე მომაბა და ძაღლივით მათრია, ლევან ზაქრაძემ კი პლასტმასის მილი წვივებში მირტყა. მერე ქარდავამ მუხლებზე დამაყენა, თავზე ცელოფანი ჩამომაცვა და მგუდავდა. თვალები რომ გადმოვკარკლე, ამ სადისტმა ხელი წაიღო ცელოფანის მოსახსნელად, მაგრამ ხელი მაჯაზე ვტაცე, არ გახსნა-მეთქი, ქარდავამ ცელოფანი ჩახია და თითები ჩამთხარა პირში… რომ ვერ გამტეხეს, ქარდავამ შემოიტანა რკინის საჭრელი დიდი მაკრატელი, ზურგისკენ წამაღებინა ხელი, მაკრატელი ნეკთან მიიტანა და გააჩხაკუნა. როცა იქ მყოფების გაოგნებულ სახეებს შევხედე, მივხვდი, ამის გამკეთებელი იყო. ხერხემალზე დისკოზის ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა და ვთხოვე, ოღონდ ხერხემალში არ დამარტყათ-მეთქი. ამის გამგონე ქარდავამ ხერხემალში სულ ბათინკის წვერი მირტყა.

 გენერალ კალანდაძის ბრძანებით, ნაწამებ კაცს აჭიმვები გამაკეთებინეს, კალანდაძემ ხელკეტი კუნთებში მირტყა, მერე პირში ჩამიდო და ხახაში დამიტრიალა. ციხეში სამი დღე სისხლს ვშარდავდი. დღემდე არ ვიცი, რისთვის მომისაჯეს 8 წელი, ან ასე რატომ მაწამეს ამ არაკაცებმა.

 ერთი კვირის მანძილზე ციხის უფროს ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში გამეტებით მცემდნენ. პატიმრები მეუბნებოდნენ, შენამდე ვიღაც თეთრაძე შეჰყავთ მუხაძესთან და იმას აწამებენო.

 ჩემი საკნის კარს ქვემოთ დიდი ღრიჭო ჰქონდა, იქიდან დავინახე ჭაღარათმიანი კაცი, ძლივს მოლასლასებდა, მთლად დალურჯებული იყო. 23 სექტემბერს თეთრაძის საშინელი ღრიალი ისევ გავიგონეთ, ნარზე შევდექი და დავინახე, საკაცეზე თეთრაძე ესვენა, თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული. მივხვდით, რომ მკვდარი იყო…” – აცხადებს გია გორელაშვილი.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული