ხელოვნება და კულტურა

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს. ინფორმაციას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი (ხელოვნების სასახლე) ავრცელებს.

ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და ქართველი მრეწველის, აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო. უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ.

აღსანიშნავია,რომ ერთი წლის წინ და-ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის, სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს.

თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და  მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტრეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

უნიკალური ხელოვნების ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.

Facebook Comments